მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წელს ბაზრებისა და ბაზრობებში ეკონომიკური სუბიექტების შემოსავლებმა ₾170.7 მლნ შეადგინა - საქსტატი

64c3745598c8b
ვიქტორია მღებრიშვილი
28.07.23 11:59
459
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტების საქმიანობის შესახებ 2022 წლის მონაცემები გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2022 წელს ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებულ ეკონომიკურ სუბიექტების შემოსავლებმა 170.7 მლნ ლარი შეადგინა.

გასული წლის სტატისტიკის მიხედვით, ამ თანხიდან 13.1 მლნ. ლარი (7.7%) ვაჭრობის უფლების გაცემიდან (ერთჯერადი გადასახდელის სახით) მიღებული შემოსავალია, 149.5 მლნ ლარი (87.6%) - სავაჭრო ფართის გაქირავებიდან მიღებული, ხოლო 8.1 მლნ ლარი (4.7%) - სხვა შემოსავალი.

ამავე პერიოდში ბაზრებისა და ბაზრობის ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტების დანახარჯებმა 99.5 მლნ ლარი იყო, აქედან შრომის ანაზღაურების სახით დასაქმებულ პერსონალზე 30.8 მლნ ლარი გაიცა.

სტატისტიკიდან ჩანს, რომ 2022 წელს საქართველოში ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული 197 ეკონომიკური სუბიექტი ფუნქციონირებდა, რომელთა 31.5% თბილისშია განთავსებული, 19.3% - იმერეთში, 12.7% - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 11.7% - კახეთში, 8.1% - ქვემო ქართლში, 5.1% - აჭარაში, 4.6% - შიდა ქართლში, 2.5% - მცხეთა-მთიანეთში, 2% - სამცხე-ჯავახეთში, 1.5% - გურიაში და 1% - რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონებში.

ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტებისათვის ყველაზე გავრცელებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელსაც 2022 წელს მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების საერთო რაოდენობაში 77.2%-იანი წილი უკავია, ხოლო ინდივიდუალური მეწარმეების წილად - 19.8%. ბაზრებისა და ბაზრობების დანარჩენ ნაწილს გააჩნია სააქციო საზოგადოების (1.5 პროცენტი), კოოპერატივის (1.0 პროცენტი) და სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების (0.5 პროცენტი) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა.

ამავე მაჩვენებლებით, ქვეყანაში მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების 95.4% კერძო საკუთრებაშია, ხოლო 4.6% - სახელმწიფო საკუთრებაში.

2022 წელს საქართველოში მოქმედი ბაზრები და ბაზრობები 2.1 მლნ კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსებულია. ბაზრებსა და ბაზრობებს 67 ვეტსანექსპერტიზის ლაბორატორია, 1 296 შემნახველი საკანი (საწყობი) გააჩნიათ, რომელიც 27.2 ათასი კვ. მეტრზეა განთავსებული და 0.7 ათასი ტონა ტევადობის 361 მაცივარი აქვთ.

2022 წელს მოქმედი ბაზრობების 35.5% გადახურულია (ვაჭრობა შენობაში მიმდინარეობს), 35% ღია ტიპისაა (ვაჭრობა მიმდინარეობს შენობის გარეთ), ხოლო 29.5% ნახევრადგადახურული (ვაჭრობა მიმდინარეობს შენობაშიც და შენობის გარეთაც).

2022 წელს საქართველოში მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე მოვაჭრე პირების მიერ როგორც სასურსათო, ისე არასასურსათო საქონლით ვაჭრობა ხორციელდება. ბაზრებისა და ბაზრობების 30.5%-ში ვაჭრობა მხოლოდ არასასურსათო საქონლით მიმდინარეობს, ერთ ბაზრობაზე - მხოლოდ სასურსათო საქონლით, ორი ბაზრობის ტერიტორიაზე - ავტომობილებითაც, ხოლო ხუთ ბაზარში მხოლოდ ფრინველი და პირუტყვი იყიდება.

საქართველოს ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე ეკონომიკური სუბიექტების მიერ ვაჭრობა ორგანიზებულია კვირის სხვადასხვა დღეს: ყოველდღიური ვაჭრობა მიმდინარეობს 152 ბაზარში, საკვირაო ვაჭრობა - 22 ბაზარში, კვირა დღის გარდა ვაჭრობს 3 ბაზარი, ხოლო დანარჩენი ბაზრებისა და ბაზრობის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ერთდღიანი, ორდღიანი ან სამდღიანი ვაჭრობა კვირის სხვადასხვა დღეებში.

საქართველოში მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე 52.8 ათასი სავაჭრო ადგილია, სადაც მოვაჭრეთა საშუალო დღიური რაოდენობა 38.6 ათას კაცს შეადგენს.

2022 წელს ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებულ ეკონომიკურ სუბიექტებში (ბაზრობების დირექციებში) დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 2.8 ათას კაცს შეადგენს, რომელთაგან 33.4% ქალია. ამასთან, დასაქმებულთა 47.1% ქალაქ თბილისზე მოდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები