მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წლიდან ლარის სესხებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირებაა მოსალოდნელი

617a62e86f4b3
შოთა ტყეშელაშვილი
28.10.21 13:23
13435
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, რეფინანსირების განაკვეთი, რაც ამჟამად 10%-ს შეადგენს, 2022 წლიდან ეტაპობრივად უნდა შემცირდეს და ის წლის პირველ ნახევარში დაახლოებით, 9%; ხოლო წლის მეორე ნახევარში კი 7.75%-8% უნდა გახდეს.

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 10%-მდე მიმდინარე წლის აგვისტოში გაზარდა, რაც თავის მხრივ, რეკორდულად გაზრდილი ინფლაციით იყო განპირობებული. 27 ოქტომბერს სებ-მა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და გამოქვეყნებულ ანგარიშში მიუთითა, რომ საბაზო პროგნოზის მიხედვით, მომდევნო წლიდან ქვეყანაში ინფლაციის დონე მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს და ის წლის მეორე ნახევარში სამიზნე 3%-იან მაჩვენებელს უნდა დაუახლოვდეს. შესაბამისად, სებ-ი რეფინანსირების განაკვეთის ეტაპობრივ შემცირებასაც განიხილავს.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ რეფინანსირების კლების შედეგად, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 8.3 მილიარდი ლარის საკრედიტო პორტფელის საპროცენტო განაკვეთებიც შემცირდება. ამჟამად ამ სესხების რაოდენობა 163 ათასია. სესხებს შორის ლარის იპოთეკური სესხების მოცულობა 2.9 მილიარდი ლარია, მათი საშუალო განაკვეთი ამჟამად 12.3%-ია.

თუმცა სებ-ი მიუთითებს, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირება მომავალში არსებულ ფაქტობრივ ინფლაციასა და ინფლაციურ მოლოდინებზე იქნება დამოკიდებული.

“მიმდინარე და მოსალოდნელ ინფლაციაზე მოქმედი ფაქტორების გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მაღალ, 10%-იან ნიშნულზე შეინარჩუნა. პოლიტიკის გამკაცრებული პოზიცია მაღალი ინფლაციის მის მიზნობრივ მაჩვენებელთან დროული დაბრუნების მოლოდინის გამტკიცებას ისახავს მიზნად. შესაბამისად, გამკაცრებული პოზიციიდან გამოსვლა მხოლოდ ეტაპობრივად, ინფლაციური მოლოდინების ნორმალიზების კვალდაკვალ მოხდება", - ნათქვამია სებ-ის ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები