მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელი საინვესტიციო მოგების თვალსაზრისით ერთ-ერთი კარგი წელი იყო - გოგა მელიქიძე

გოგა მელიქიძე

საპენსიო სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერი გოგა მელიქიძე საინვესტიციო მოგების თვალსაზრისით მიმდინარე წელს დადებითად აფასებს და ამბობს, რომ წელს მოგება 400 მლნ ლარზე მეტი იყო. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს სააგენტოს საქმიანობის წლის შემაჯამებელ შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

გოგა მელიქიძემ ის ფაქტორები განმარტა, რამაც წელს სააგენტოს არსებობის განმავლობაში ყველაზე მაღალი მოგების მიღება განაპირობა.

„2023 წელი საინვესტიციო მოგების თვალსაზრისით ერთ-ერთი კარგი წელი იყო. მთელ საინვესტიციო პერიოდზე, რაც საპენსიო ფონდი არსებობს, ანუ 4.5 წელიწადში საინვესტიციო მოგება 835 მლნ ლარი იყო, რაც ძალიან კარგი შედეგია. მხოლოდ 2023 წელს მოგება 400 მლნ ლარზე მეტი იყო, რადგან ინვესტირების დაწყებიდან თანხაც მეტი იყო და ბაზარმაც კარგი ზრდა აჩვენა. ძირითადი ფაქტორი, რის გამოც 2023 წელს ამხელა მოგება დავწერეთ, აქციები იყო. ამიტომ შედეგებით კმაყოფილები ვართ“, - აღნიშნა მელიქიძემ.

20 დეკემბრის მონაცემებით, საპენსიო ფონდის მონაწილეთა რაოდენობა 1 297 000-ია. ამასთან 6 900-მა მონაწილემ დაგროვებითი საპენსიო სისტემით უკვე ისარგებლა და ჯამში ამ ბენეფიციარებზე პენსიის სახით 20.8 მლნ ლარი გაიცა. საპენსიო აქტივების ჯამური ზომა 4.3 მლრდ ლარია, ხოლო ფონდის გაშვებიდან დღემდე საინვესტიციო მოგებამ 834 მლნ ლარი შეადგინა. აქედან 401 მლნ ლარი 2023 წელს მიღებული საინვესტიციო მოგებაა.

დღეისთვის საპენსიო სააგენტოს აქტივების 73% დინამიკურ პორტფელშია ინვესტირებული და მისი მოცულობა 3.1 მლრდ ლარს შეადგენს. კონსერვატიულ პორტფელში მთლიანი აქტივების 11.6% - 499მლნ ლარი, ხოლო დაბალანსებულში 15.2% - 653 მლნ ლარი ნაწილდება. ამასთან აღსანიშნია ისიც, რომ ბოლო თვეების მონაცემებით, პორტფელებს შორის საინვესტიციო მოგების მიხედვით დინამიკური პორტფელი ლიდერობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები