2023 წელს ბაკურიანში ბინების გაყიდვები შემცირდა. წლის განმავლობაში სამთო კურორტზე 956 ბინა გაიყიდა, რაც 2022 წლის გაყიდვებს 26.1%-ით ჩამოუვარდება.
Galt & Taggart-ის მიერ გამოქვეყნებული ბაკურიანის უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვის ავტორები განმარტავენ, რომ გაყიდვების შემცირება 2022 წლის რეკორდულად მაღალი ბაზითაა განპირობებული. აღსანიშნია, რომ ბაკურიანში ამჟამად 14 საცხოვრებელი პროექტის გაყიდვები მიმდინარეობს და მათი უმეტესობა კოხტას მთასთან მდებარეობს.
მიმოხილვის მიხედვით, 2023 წელს, ბაკურიანისთვის დამახასიათებელი ტენდენციის შესაბამისად, მცირე ზომის ბინებმა (26-50 მ²) მთლიანი გაყიდვების 77.7% შეადგინა. გაყიდული ბინების ნახევარი საშუალო ფასის სეგმენტიდან იყო ($801-1,200/მ²).
„2023 წლის ბოლოს ბაკურიანში ბინების საშუალო შეწონილი ფასი წლიურად მცირედით 2.7%-ით გაიზარდა. ბაკურიანში გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 42.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 20.6%-იანი კლებაა და პირველად ბაზარზე შემცირებულ ტრანზაქციებით აიხსნება“, - განმარტავენ Galt & Taggart-ში.