„საჯარო შესყიდვების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ძირითადი დებულებების ამოქმედების თარიღად ნაცვლად 2025 წლის 1 იანვრისა, 2027 წლის 1 იანვარი განისაზღვრა. კანონი, რომელიც პარლამენტმა 2023 წელს დაამტკიცა სწორედ მომავალი წლის იანვრიდან უნდა შესულიყო ძალაში.
საკანონმდებლო ორგანოში დაჩქარებული წესით განსახილველ კანონპროექტს დარგობრივმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა.
ცვლილებების 2 წლით გადავადების მიზეზად ის ასამდე შენიშვნა და კომენტარი დასახელდა, რომელიც ჩარჩო კანონთან მიმართებით ევროსტრუქტურებს ჰქონდათ.
"ევროპული მხარის მიერ გამოკვეთილია ასამდე კონკრეტული შენიშვნა და კომენტარი, რომელთა ანალიზის შედეგად, მიზანშეწონილია, მომზადებულ იქნეს არსებული კანონის არსებითად გადამუშავებული ვერსია, რომელშიც ასახვას პოვებს ასევე ე.წ. „კომუნალური სექტორის“ და „თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის“ შესყიდვების ახალი რეგულაციები", - წერია განმარტებით ბარათში.
შესყიდვების სააგენტოს განმარტებით, აღნიშნული ვადა საჭიროა იმისათვის, რათა უზრუნველყოფილ იყოს როგორც შესაბამისი ნორმატიული შინაარსის ცვლილებების მომზადება, ასევე სახელმწიფო სექტორისა და ბიზნესსაზოგადოების ინფორმირებულობა, შესაბამისი სასწავლო კურსების ჩატარება, სახელმძღვანელოებისა და ინსტრუქციების შემუშავება, ელექტრონული სისტემის მოდერნიზება, საჯარო შესყიდვების პროცესში ჩართულ და იმავდროულად „ელექტრონული მთავრობის“ სერვისის მიმწოდებელ მრავალ სახელმწიფო უწყებასთან სათანადო ელექტრონული სერვისების აწყობა/გამართვა.
კანონი, რომლის ამოქმედების ვადაც 2 წლით გადავადდა:
საჯარო შესყიდვების შესახებ ახალი კანონი მიღებულია - სრული ტექსტი