ქართული ავტოინდუსტრიის გამორჩეული კომპანია Strada Motors-ი, რომელიც ბაზარზე მე-15 წელს ითვლის, უნიკალური ხასიათის, ღირებულებისა და ისტორიის მქონე ექვსი სხვადასხვა ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. Strada Motors-ის შოურუმებში შეხვდებით FIAT-ის, Alfa Romeo-ს, Jeep-ის, Dodge-ისა და RAM-ის მარკის ავტომობილებს, რომლებსაც 2024 წელს კიდევ ერთი ავტომწარმოებელი დაემატებათ.
კომპანიის 2023 წლის შედეგებზე BM.GE-სთან მისი დირექტორი, ზურაბ გვაზავა, საუბრობს და აღნიშნავს, რომ გასული წელი Strada Motors-ისთვის განსაკუთრებულად წარმატებული აღმოჩნდა, 2022 წელთან შედარებით კი, ავტომობილების გაყიდვების მაჩვენებელი გაორმაგდა.
“ძალიან ამაყები ვართ, რომ ჩვენს რეპუტაციას დიდწილად წარმატებული გამოცდილება, შესრულებული პროექტები და არსებული შედეგები განსაზღვრავს. 2022 წელთან შედარებით სტრადა მოტორსის 2023 წლის გაყიდვების მაჩვენებელი გაორმაგებულია, განხორციელდა ახალი სერვისცენტრის მშენებლობა და თითქმის გასამმაგდა სერვისის დატვირთულობა, გავზარდეთ ადგილობრივი ავტომობილების და ავტონაწილების მარაგები მარტივი ხელმისაწვდომობისთვის”, - ამბობს ზურაბ გვაზავა.
რაც შეეხება მიმდინარე წლის გეგმებს, Strada Motors-ი ამბიციური მიზნებით გამოირჩევა - “საქართველოს ბანკთან” თანამშრომლობით, კომპანია ახალ სერვისცენტრს გახსნის. გარდა ამისა, Strada Motors-ი 2024 წელს საზოგადოებას ახალ ბრენდს, Chevrolet-ს ოფიციალურად წარუდგენს, საზოგადოებისთვის უკვე ცნობილი ბრენდებისთვის კი ახალ შოურუმებს ააშენებს.
“ამბიციური და მიზანმიმართული გეგმები გვაქვს 2024 წლისთვის - იგეგმება ახალი სერვისის სივრცის გახსნა, აღნიშნული პროექტის მშენებლობა საქართველოს ბანკთან პარტნიორობით განხორციელდა, შესაბამისად მომხმარებლებს სერვისის სრულიად ახალ ევროპული სტანდარტებით მოწყობილ სივრცეში შევხვდებით, რომელიც უახლესი ტექნოლოგიებით, მაღალი სტანდარტებით, ყველა საჭირო სივრცით არის მოწყობილი, პერსონალს მუდმივად უტარდება ტრენინგები და საკვალიფიკაციო ტესტირებები.
2024 წლის გეგმებშია ასევე ახალი ბრენდის Chevrolet-ის პრეზენტაცია - საზოგადოებისთვის ოფიციალური წარდგენა და მესამე ძალიან მასშტაბური პროექტი - FIAT, Alfa Romeo, Jeep, Dodge და RAM ბრენდებისთვის სრულიად ახალი შოურუმის აშენება და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მისი დაპროექტებაა, ამ მიმართულებით სალონის სივრცის თანამედროვე მოდელზე”, ქარხნის იტალიელ პარტნიორებთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ - აცხადებს Strada Motors-ის დირექტორი
ზურაბ გვაზავას საქართველოში ავტოინდუსტრიის განვითარებისა და ტენდენციების შესახებაც ვესაუბრეთ. აღმოჩნდა, რომ, არსებული მონაცემებით, ბოლო პერიოდში “სტრადას” ყველაზე პოპულარულ ავტომობილებს შორის იტალიური FIAT-ის მოდური საცალო ხაზი, სპორტული Alfa Romeo და ამერიკული თავისუფლების სიმბოლო - Jeep მოექცნენ.
“დღევანდელი მონაცემებით ფიზიკურ პირებში განსაკუთრებულად მოთხოვნადია FIAT 500, Alfa Romeo Stelvio, Jeep Grand Cherokee, Jeep Wrangler, ხოლო კომერციული მიმართულებით FIAT Tipo, Doblo და Ducato. მომხმარებელთა მხრიდან ჩვენს მიერ წარმოდგენილი სამოდელო რიგის მიმართ დიდი ინტერესი განპირობებულია მრავალფეროვანი ბრენდების და გამორჩეული მოდელების დიდი არჩევანით, ხარისხიანი სერვისით, პროფესიონალური, კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურებით, მომხმარებლებისთვის სტრადა მოტორსის სალონსა თუ სერვისში შექმნილია კომფორტული გარემო და მეგობრული ატმოსფერო”, - ამბობს ზურაბ გვაზავა.
რაც შეეხება თავად ავტოინდუსტრიის განვითარებას, Strada Motors-ის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ამ პროცესში განსაკუთრებულ როლს კერძო ფინანსური ინსტიტუტები ასრულებენ, რასაც ადასტურებს Strada Motors-ისა და “საქართველოს ბანკის” მრავალწლიანი პარტნიორობა.
“ფინანსურ ინსტიტუტს ფუნდამენტური როლი აკისრია ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის თვალსაზრისით, სწორედ "სტრადა მოტორსის" და “საქართველოს ბანკი”-ს აქტიური პარტნიორობით განხორციელდა არაერთი წარმატებული პროექტი - სრულიად ახალი ავტოსერვისის მშენებლობა, სატენდერო პროექტებზე მუშაობა, ახალი ბრენდის შემოყვანა, საბრუნავი საშუალებების დაფინანსება, მარკეტინგულ პროექტების მიმართულებით აქციებსა და ახალ შეთავაზებებზე მუშაობა, რაც პროდუქტს ჩვენი მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომს ხდის, ასევე ვგეგმავთ ახალი სალონის მშენებლობის კუთხით პარტნიორობას.
საქართველოს ბანკს დიდი წვლილი მიუძღვის სტრადა მოტორსის იდეის განხორციელების ხელშეწყობასა და კომპანიის განვითარებაში მის თითოეულ ეტაპზე. შედეგად კი, ჩვენი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდა საერთაშორისო ბრენდების FIAT, Alfa Romeo, Jeep, Dodge, RAM და Chevrolet-ის ახალი ავტომობილების მრავალფეროვანი არჩევანი. ყველაფერთან ერთად მომხმარებელი გარანტირებულად იღებს ევროპული სტანდარტის შესაბამის ავტომობილებს და შემდგომ საგარანტიო მომსახურებას. ვისარგებლებ ამ შესაძლებლობით და განსაკუთრებულ მადლობას გადავუხდი “საქართველოს ბანკს” და მის გუნდს მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის”, - ამბობს ზურაბ გვაზავა.
ავტოინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობაზე “საქართველოს ბანკის” კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსს, ნიკოლოზ მითაიშვილს ვესაუბრეთ. იგი აღნიშნავს, რომ ინდუსტრიის ხელშეწყობა, მისი მასშტაბებიდან გამომდინარე, ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტისათვის პრიორიტეტული მიმართულებაა,
“ავტოინდუსტრია საქართველოს ბანკისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა, რადგან ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სექტორია. 2023 წელს ჯამურად ავტომობილების ბიზნესის შემოსავალმა (ავტომობილებით/ავტონაწილებით ვაჭრობა, ავტო ტექ-მომსახურება და ა.შ.) 9.5 მლრდ ლარს მიაღწია, რაც მთლიანი ბიზნესსექტორის ბრუნვის 5%-მდეა. 2023 წელს, არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ავტო რითეილის მიმართულებით.
სექტორის ბრუნვა წლიურად საშუალოდ 16%-ით იზრდებოდა ბოლო ათწლეულის განმავლობაში. ამ ზრდას ხელს უწყობს ადგილობრივ და საექსპორტო ბაზარზე მზარდი მოთხოვნა, ტრადიციულ საექსპორტო ბაზრებთან ერთად (მაგ. აზერბაიჯანი) ჩნდება ახალი საექსპორტო მიმართულებებიც, მაგ. აზიის ქვეყნები: ყაზახეთი, ყირგიზეთი და ა.შ. ადგილობრივ ბაზარზეც დიდი პოტენციალია განვითარების, მსყიდველუნარიანობის ზრდასთან ერთად, მოძველებული ავტოპარკისა და ყოველ 1,000 მოსახლეზე ავტომობილების ფლობის დაბალი დონის გათვალისწინებით. მნიშვნელოვანი სექტორია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის, შეიძლება ჯამურად ეკონომიკაზე პირდაპირი ეფექტი სხვა სექტორებთან შედარებით მცირე აქვს, რადგან იმპორტირებული ავტომობილების გადაყიდვა ხდება ძირითადად და ადგილობრივად შექმნილი დამატებული ღირებულება მცირეა, თუმცა ინკლუზიური სექტორია, 15,000-მდე ადამიანს ასაქმებს და გარდა ამისა, დილერებისთვის, ავტო ნაწილებით მოვაჭრეებისთვის, ავტოსერვისის მიმწოდებლებისთვის არის შემოსავლის წყარო”, განმარტავს ნიკოლოზ მითაიშვილი.
სწორედ ამიტომ, ფინანსური ინსტიტუტისა და Strada Motors-ის 15-წლიანი პარტნიორობა, რომელიც საოპერაციო, საკრედიტო თუ დოკუმენტურ ოპერაციებს მოიცავს, კვლავ გრძელდება. ბანკში აცხადებენ, რომ Strada Motors-ის მაქსიმალური პოტენციალის ათვისების ხელშეწყობისთვის, საქართველოს ბანკი მუდმივად მზადაა.