2023 წელს თბილისში 41,061 ბინა გაიყიდა, რაც 2022 წელს გაყიდული ბინების რაოდენობას 8%-ით ჩამორჩება.
Colliers Georgia-ს მიერ უძრავი ქონების ვებგვერდ Recov.ge-ზე გამოქვეყნებული თბილისის საცხოვრებელი ბინების განახლებული წლიური სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს გაყიდვების კლების მიუხედავად ბაზრის ზომა 5%-ით, 2.5 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც ბინების საშუალო გასაყიდი ფასის ზრდითაა განპირობებული.
მიმოხილვის მიხედვით, გაყიდვები შემცირებულია როგორც ახალ, ასევე ძველ პროექტებში. აქედან ახალ პროექტებში ტრანზაქციები მხოლოდ 4%-ით, ხოლო ძველ პროექტებში 16%-ით შემცირდა. მიმოხილვის ავტორები აღნიშნავენ, რომ ბინებზე მოთხოვნა პირველადი ბაზრის სასარგებლოდ შეიცვალა. 2023 წელს პირველად ბაზარზე გაყიდვები 1%-ითაა შემცირებული, ხოლო მეორეულ ბაზარზე კლება 12%-ია.
თბილისის საცხოვრებელი ბინების ბაზრის 2023 წლის მონაცემებით, ყველაზე მეტი ბინა სამგორში გაიყიდა. გაყიდული ბინების მიხედვით, თბილისის უბნების რეიტინგი კი ასეთია:
- სამგორი - 8 643 ბინა;
- საბურთალო - 8 238 ბინა;
- დიდი დიღომი/დიღომი - 6 712 ბინა;
- გლდანი - 4 729 ბინა;
- ნაძალადევი - 3 914 ბინა;
- დიდუბე - 3 210 ბინა;
- ჩუღურეთი - 1 222 ბინა;
- ვაკე - 1 057 ბინა;
- კრწანისი - 1 046 ბინა;
- მთაწმინდა - 1 032 ბინა;
- ისანი - 594 ბინა;
- ბაგები - 298 ბინა;
- ფონიჭალა - 197 ბინა;
- წყნეთი - 88 ბინა;
- დიდგორი - 81 ბინა.
Colliers Georgia-ს მიმოხილვის მიხედვით, გასულ წელს ახალი და ძველი ბინები გაძვირდა. კონკრეტულად კი ახალაშენებული ბინების ღირებულება 13%-ით, ძველი ბინების კი 19%-ით გაიზარდა.
„თბილისში საცხოვრებელი ბინების ფასი 2022 წელთან შედარებით 15%-ითაა გაზრდილი, თუმცა 2023 წლის განმავლობაში ფასების ზრდის ტემპი მცირდებოდა“, - აღნიშნავენ მიმოხილვის ავტორები.