თამამად შეიძლება ითქვას, რომ თიბისი აღარ არის წმინდა ქართული საბანკო ინსტიტუტი. კომპანიის საერთაშორისო განვითარების გზაზე პირველი მნიშვნელოვანი ნიშანსვეტი - 2016 წელს, ლონდონის საფონდო ბირჟაზე “თიბისი ჯგუფის” აქციების პირველადი საჯარო განთავსებაა, მეორე კი - ჯგუფის უზბეკეთში გაფართოებას უკავშირდება, რაც კომპანიისთვის ბოლო წლების მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.
როგორც “თიბისი უზბეკეთის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა ქურდიანმა BMG Talks-ში განაცხადა, საერთაშორისო გაფართოებაზე ფიქრი ჯგუფმა ჯერ კიდევ 2016 წელს, “რესპუბლიკა ბანკის” შესყიდვის შემდეგ დაიწყო, რამაც თიბისის ბაზრის წილი 40%-მდე გაზარდა და შესაბამისად, ბაზრის წილის ზრდის პოტენციალი, რომელიც საქართველოში იყო მოსალოდნელი, შემცირდა.
“თიბისი ჯგუფის” ფსონმა გაამართლა, რადგან უზბეკეთში ოპერირების დაწყებიდან ორი წლის შემდეგ, კომპანია, რომელსაც საბანკო ფილიალიც კი არ აქვს და სრულად აპლიკაციიდან იმართება, მოგებაზე გავიდა. როგორც ნიკა ქურდიანმა BMG Talks-ში განაცხადა, გეგმა, რომელიც ჯგუფმა 2016-2017 წლებში დაისახა, უზბეკეთში გადაჭარბებით შესრულდა.
“პირველი რიგში გეტყვით, თუ რა იყო ჩვენი ჩრდილოეთის ვარსკვლავი, ე.წ. “North Star-ი”, რომელიც დიადი მიზნის აღსაწერად გამოიყენება. 2016-2017 წლებში ვთქვით, რომ კარგი იქნებოდა, თუ 2023 წლის ბოლოს “თიბისი ჯგუფს” 10 მილიონი მომხმარებელი ეყოლება - რეალურად, 2023 წლის ბოლოს, “თიბისი ჯგუფს” 20 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს. გასაგებია, რომ ამ ამ რიცხვიდან, საქართველოზე 2.5 მილიონი მოდის, დანარჩენი კი - უზბეკეთზე.
ჩვენი საბანკო ინსტიტუტი, რომელიც სრულიად ციფრულია და მხოლოდ მობილურ აპლიკაციაში არის ხელმისაწვდომი, უზბეკეთში ოპერირების მეორე წელს მოგებაზე გავიდა, ანუ ზუსტად 24-ე თვე გახდა პოზიტიური და მას შემდეგ, ყოველი თვე არის მოგებიანი. 2023 წელი, ბანკის მხარეს $5.5-მილიონიანი წმინდა მოგებით დავხურეთ. ეს ფენომენალური შედეგია, რადგან ძალიან ცოტა ბანკია მსოფლიოში, რომელიც სრულად ციფრული ბანკის მოდელით ოპერირებს და მოგებაზე გასვლა ასე მალე მოახერხა”, - განაცხადა ნიკა ქურდიანმა BMG Talks-ში.
მაშ, უკავშირდება თუ არა ეს წარმატება კონკრეტულად უზბეკეთს, სადაც 36 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, თუ TBC UZ-ის მოგებიანობას სხვა ფუნდამენტური ფაქტორები განაპირობებს? როგორც ნიკა ქურდიანი ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, შედეგს განაპირობებს არა უშუალოდ დიდი ქვეყნის, ანუ ამ შემთხვევაში, უზბეკეთის, ფაქტორი, არამედ გამართული ბიზნესმოდელი და მისი უბადლო აღსრულება.
“ძალიან ბევრი დიდი ქვეყანაა, სადაც ბევრი ციფრული ბანკი ფუნქციონირებს, რომელთაც მოგებაზე გასვლა დღემდე უჭირთ. ეს შედეგი, ჩემი აზრით, სწორი ბიზნესმოდელის, პროდუქტების გაშვების სწორი თანმიმდევრობის, აღსრულებაზე სწორი აქცენტირების და მიზანზე და შედეგზე ფოკუსირების დამსახურებით იქნა მიღწეული.
ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, სწორ დროს, სწორ ქვეყანაში და სწორი პოტენციალით მოხდა. ამ შედეგის დასადებად ძალიან ბევრი კომპონენტის ერთობლიობა არის საჭირო. გუნდმა ფენომენალური საქმე გააკეთა, თან იმის გათვალისწინებით, რომ მისი ძირითადი ნაწილი საქართველოში არის ბაზირებული - ქართველებმა ისეთი წარმატება დავდეთ, რაც, ჩემი აზრით, ყველას უნდა გვიხაროდეს”, - განაცხადა “თიბისი უზბეკეთის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა ქურდიანმა BMG Talks-ში.