დეველოპერული კომპანია “არსის” გენერალური დირექტორი ბესო ორთოიძე მედიასთან უძრავი ქონების სექტორისთვის 2023 წელს აჯამებს და აღნიშნავს, რომ ბაზარი წელს, გასულ წელთან შედარებით, დასტაბილურდა და გაცილებით ჯანსაღი გახდა.
“ვიტყოდი, რომ სექტორისათვის წლევანდელი წელი უკეთესი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ტრანზაქციებით წინა წელს ჩამოვრჩით. ეს იყო პირველი წელი პანდემიისა და სხვა გლობალური გამოწვევების შემდეგ, როცა გარკვეული სტაბილურობა და სიჯანსაღე შეინიშნებოდა ბაზარზე ამ სექტორში.
მნიშვნელოვანია, რომ წინა წელს გვქონდა საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდა ფასის, მაგრამ ეს არ იყო ჯანსაღი სიტუაცია და სექტორი ყოველთვის მივესალმებით სტაბილურ პერიოდს და ბუნებრივ ზრდას, რომელიც სხვადასხვა ფაქტორებით არაა გამოწვეული. 2019 წლის შემდეგ წელს პირველად გვაქვს ნამდვილად სტაბილური გარემო, რაც ბიზნესისა და ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, - აცხადებს ბესო ორთოიძე.
რაც შეეხება უძრავ ქონებაზე ფასის ზრდას, “არსის” გენერალური დირექტორი აღნიშნავს, რომ წელს 15%-იანი მატება დაფიქსირდა, რაც მკვეთრად ჩამოუვარდება 2022 წლის 30%-იან მაჩვენებელს - ეს კიდევ ერთი ფაქტორია, რომელიც ბაზრის სტაბილურობაზე მიუთითებს.
“ფასების ნაწილში, წლიურად 15%-იანი ზრდაა, რაც საკმაოდ ნორმალურია ჩვენი ბაზრისათვის, 2019 წლამდეც ასეთი სტატისტიკა გვქონდა, 10-12%-ის ფარგლებში იზრდებოდა უძრავ ქონებაზე ფასები.
გასულ წელს, 30%-ზე მეტად გაიზარდა გასაყიდი ფასი, ეს კარგი არ არის, არც ბიზნესის გადმოსახედიდან, რადგან იქ ჩვენ თვითღირებულების ზრდა გვქონდა და არაჯანსაღი გარემო, რომელიც მუდმივად ვერ გაგრძელდებოდა”, - აცხადებს ბესო ორთოიძე და განმარტავს, რომ ფასების ზრდის ტემპის ვარდნა მოთხოვნის შემცირებით არაა გამოწვეული.