მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“2023 წელს უპრეცედენტო პროექტი განვახორციელეთ” - როგორი იყო “ოდაჰაუსისთვის” გასული წელი?

ოდაჰაუსი

ხის სახლებისა და კოტეჯების მშენებელი კომპანია “ოდაჰაუსის” ადმინისტრაციული მენეჯერი, მარიამ გუგუციძე BM.GE-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ 2023 წელს მათ სერვისებზე მოთხოვნა გაიზარდა და ტენდენციის შენარჩუნებას მიმდინარე წელსაც ელიან. “ოდაჰაუსი” მომხმარებელს მშენებლობის სრულ სერვისს სთავაზობს, რაც დასრულებული პროექტის გარემონტებულ მდგომარეობაში ჩაბარებას ითვალისწინებს.

“ჩვენს სახლებზე მოთხოვნა მუდმივად მზარდია, 2023-შიც, 2022 წელთან შედარებით, ასე იყო და ანალოგიურად ველოდებით მიმდინარე წელსაც. შეფერხებები, მოთხოვნის შემცირებიდან გამომდინარე, არ გვქონია და წლის განმავლობაში 12-ვე თვე უწყვეტად ვმუშაობთ.

ხის კოტეჯების მშენებლობა ყველაზე მოთხოვნადი თბილისის გარშემო რეგიონებში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტსა და რაჭაშია, თუმცა არ არსებობს რეგიონი საქართველოში, სადაც კოტეჯი არ აგვიშენებია, იქნება ეს მაღალმთიანი აჭარა თუ სამეგრელო, მივდივართ ყველგან - სადაც მოთხოვნაა”, - აღნიშნა მარიამ გუგუციძემ.

გასული წლის შეჯამებისას “ოდაჰაუსის” წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ კომპანიამ გასულ წელს, ზღვის დონიდან 3 000 მეტრზე, უპრეცედენტო პროექტი განახორციელა.

“2023 წელს გავხდით პირველი ქართული კომპანია, რომელმაც ზღვის დონიდან 3 000 მეტრზე პროექტი განახორციელა: ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, საბანაკე ტერიტორიაზე მთამსვლელთა მოსასვენებელი პუნქტი მოვაწყვეთ. ეს იყო უპრეცედენტო პროექტი, რადგან ამ ტერიტორიამდე სამანქანო გზა არც მიდის, ვერტმფრენებით ვეზიდებოდით მასალას”, - აღნიშნა მარიამ გუგუციძემ.

“ოდაჰაუსის” ადმინისტრაციული მენეჯერი BM.GE-სთან აღნიშნავს, რომ კომპანიას გასულ წელს მშენებლობის ღირებულების დაკორექტირებაც მოუწია. სხვა მიზეზებს შორის, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იმპორტული ნედლეულის ფასებია.

“მშენებლობას ვიწყებთ საძირკვლიდან, მასალები კი ჩვენ გვეკუთვნის, ნედლეულის იმპორტს თავად ვახორციელებთ. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ სამშენებლო მასალაზე ღირებულება მუდმივად იმატებს, ჩვენც იძულებული ვართ, ფეხი ავუწყოთ ტენდენციას და კვადრატული მეტრის მშენებლობის ღირებულება გავზარდოთ. წლიდან წლამდე იზრდება ტრანსპორტირების ხარჯებიც და მუშახელის ანაზღაურებაც, ამიტომ გასულ წელს ფასები 10%-ით გაიზარდა”, - აღნიშნავს გუგუციძე და დასძენს, რომ მიუხედავად გაზრდილი ანაზღაურებისა, კვალიფიციური კადრების დეფიციტი ბიზნესში კვლავ აღინიშნება და ამ პრობლემის დაბალანსება სწორედ გაზრდილი ხელფასით ხდება.

“ოდაჰაუსის” კონკურენტული უპირატესობა, ადმინისტრაციული მენეჯერის აზრით, ის გამოცდილებაა, რომელიც კომპანიამ წლების განმავლობაში დააგროვა.

“საქართველოს მასშტაბით ძალიან ბევრი, მათ შორის მასშტაბური პროექტები გვაქვს შესრულებული, ჩვენი ბრენდი უკვე ასოცირდება ხარისხთან. გარდა ამისა, მშენებლობის დროს ვიცავთ სრულ ტექნოლოგიას და დამკვეთს ხარისხიან პროდუქტს ვაბარებთ. კომფორტია ისიც, რომ ნულიდან ვიწყებთ და პროექტის განხორციელების თითოეულ საფეხურს, იქნება ეს მშენებლობა თუ მუნიციპალიტეტთან დოკუმენტაციის შეთანხმება, საკუთარ თავზე ვიღებთ”, - აღნიშნა მარიამ გუგუციძემ.

“ოდაჰაუსი” ბაზარზე 2020 წლიდან გამოჩნდა. კომპანია ამ დრომდე 100-მდე ადამიანს ასაქმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები