მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წლიდან უფუნქციო "სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის" დირექტორმა 76 234 ლარის ხელფასი აიღო

სახელმწიფო კომპანია

მთავრობა "სახელმწიფო სამშენებლო კომპანიას" აუქმებს.

"მიმდინარეობს "სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის დაშლა/ლიკვიდაციის წინასამრთლებრივი პროცესი", - ასე უპასუხეს BMG-ის სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიაში", რომელიც შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ 100%-იანი წილის მფლობელია.

"აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიიდან" მოგვწერეს, რომ საწარმო არ ფუნქციონირებს 2023 წლიდან და ამჟამად მიმდინარეობს დაშლა/ლიკვიდაციის პროცესები, შესაბამისად, მას არ გააჩნია მიმდინარე პროექტები და არ ჰყავს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები.

აღსანიშნავია, რომ მართალია, "სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" 2023 წლიდან არ მუშაობს, თუმცა საწარმოს ამ დროის განმავლობაში მაინც ჰყავდა „სასამსახურო ხელშეკრულების“ საფუძველზე დასაქმებული პირი - დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის სახით.

ბიზნესრეესტრის თანახმად, "სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის" დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი შალვა შავიშვილია. 2023 წლის ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, შალვა შავიშვილმა ამ თანამდებობაზე მუშაობისას ხელზე აიღო 42 336 ლარი [სამუშაოს შესრულებით წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებული შემოსავალი]; 2024 წელს - 39 798 ლარი; 2025 წელს კი - 36 436 ლარი. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ საწარმო, რომლის დირექტორის მოვალეობას შალვა შავიშვილი ასრულებდა, 2023 წლიდან არ მუშაობს, მან ამ თანამდებობაზე 2 წელიწადში 76 234 ლარის ხელფასი აიღო.

BMG "სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის" საქმიანობით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც მთავრობამ გზების მოვლა-შენახვისთვის ახალი სახელმწიფო კომპანიის შექმნა გადაწყვიტა. ჩვენ დავსვით კითხვები მათ შორის იმაზეც, რამდენ და რა ღირებულების ტექნიკას ფლობს სახელმწიფო კომპანია.

"საწარმო ფლობს რამდენიმე სხვადასხვა სახის სპეც-ტექნიკას, რომელთა ასაკი თითოეულ შემთხვევაში აღემატება 24 წელს და წინასწარი შეფასებით არ ექვემდებარება ექსპლუატაციას. აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს შესაბამისი საინვენტარიზაციო პროცესები", - ნათქვამია აქტივების მართვის კომპანიის წერილობით პასუხში, რომელსაც ხელს კომპანიის დირექტორი ირაკლი მუკნიაშვილი აწერს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები