მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წლის 1-ელ კვარტალში, ილონ მასკის SpaceX-მა $1.5 მილიარდის შემოსავალი მიიღო

Space X - ილონ მასკი

რეკორდულად მაღალი შემოსავლების ფონზე, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, ილონ მასკის კოსმოსურმა კომპანია SpaceX-მა $55 მილიონის წმინდა მოგება ნახა, - ამის შესახებ კომპანიის ფინანსურ ანგარიშგებაში წერია, რომელიც The Wall Street Journal-მა მოიპოვა.

დოკუმენტის თანახმად, ამავე პერიოდში კომპანიამ $1.5 მილიარდის შემოსავალი მიიღო.

ცნობისთვის გეტყვით, რომ SpaceX-ი კერძო კომპანიაა, რის გამოც ის ვალდებული არ არის ფინანსური ინფორმაცია გაასაჯაროოს, რაც The Wall Street Journal-ის მიერ ამ დოკუმენტების მიღების ფაქტს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.

თუმცა, მიუხედავად მისი კერძო ბუნებისა, SpaceX-ი თავის ინდუსტრიაში ერთ-ერთი გიგანტურ მოთამაშედ ითვლება, რადგან ის ფლობს უნიკალურ ტექნოლოგიას, რომლის დახმარებით, კოსმოსური ხომალდების გამოყენება მრავალჯერადად შეიძლება, რაც, ცხადია, დანახარჯებს კარდინალურად ამცირებს. ამასთან, SpaceX-ის სერვისებზე გარკვეულწილად დამოკიდებულია თავად აშშ-ის კოსმოსური სააგენტო, იგივე NASA, რადგან საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტების გასაგზავნად მას ქვეყნის შიგნით ალტერნატიული კომპანია არ ჰყავს.

მედიაში გავრცელებული უკანასკნელი მონაცემებით, SpaceX-ი $150 მილიარდად იყო შეფასებული, რაც დაახლოებით იმდენივეა, რამდენადაც ინვესტორები Disney-სა და Intel-ს აფასებენ. თავად ილონ მასკის ქონება კი, Forbes-ის მონაცემებით, ამ დროისთვის, $221 მილიარდს აღემატება და ამ მაჩვენებლით, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ტიტულს ის კვლავაც ინარჩუნებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები