ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საქართველოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის დარგის განვითარების უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გურამ გურამიშვილი თავმჯდომარეობდა.
მისი ინფორმაციით, 2023 წლის 10 თვის სტატისტიკური მონაცემებით, საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვები 3.6%-ით არის გაზრდილი და 22.8 მლნ ტონა შეადგინა. ამასთან, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი საკონტეინერო გადაზიდვებიც. კერძოდ, საქართველოს ნავსადგურებში ჯამურად გადამუშავებულმა კონტეინერების რაოდენობამ 607 224 TEU შეადგინა, რაც 61.3%-ით მეტია, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
გარდა ამისა, სხდომის ფარგლებში 2023-2030 წლების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგიისა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) პროექტის ფარგლებში მომზადებული რკინიგზის სექტორის პოლიტიკის დოკუმენტის შესახებ პრეზენტაციები გაიმართა.
კომისიის გადაწყვეტილებით, ჩამოყალიბდა საქართველოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის დარგის განვითარების უწყებათაშორისი კომისიის სამუშაო ჯგუფი. ამასთან, კომისია შეითავსებს საზღვაო ტრანსპორტის სტრატეგიული განვითარების კონცეფციით გათვალისწინებული საკოორდინაციო საბჭოს ფუნქციასაც.
აღნიშნული უწყებათაშორისი კომისია ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგიის შესრულებისა და მონიტორინგის განხორციელების მიზნით საქართველოს მთავრობის 2023 წლის 15 აგვისტოს №314 დადგენილებით შეიქმნა, რომელშიც შედიან ტრანსპორტისა და ლოგისტიკის დარგის განვითარებაზე პასუხისმგებელი შესაბამისი სახელმწიფო უწყებები.