2023 წლის 7 ოქტომბერს "ჰამასის" ისრაელში შეჭრის დღიდან ერთი წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ისრაელის სამხედრო დახმარებისთვის რეკორდული $17.9 მილიარდი დახარჯა - ამის შესახებ Associated Press "ბრაუნის უნივერსიტეტის" ანგარიშზე დაყრდნობით წერს.
ანგარიშის თანახმად, დამატებით $4.86 მილიარდი რეგიონში აშშ-ის სამხედრო ოპერაციების გაუმჯობესებასაც მოხმარდა, რაც დაჯგუფება "ჰუსიტების" მიერ კომერციულ გემებზე თავდასხმის ჩახშობის მცდელობასაც ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ "ბრაუნის უნივერსიტეტის" კვლევა იმ პერიოდს მოიცავს, ვიდრე ისრაელი მეორე ფრონტს ლიბანში გახსნიდა.
კვლევის თანახმად, ისრაელი აშშ-ის სამხედრო დახმარების მთავარი ადრესატია და 1959 წლიდან დღემდე, ინფლაციის გათვალისწინებით, $251.2 მილიარდი აქვს მიღებული. მათგან თითქმის $18 მილიარდი აშშ-მა "ჰამასის" წინააღმდეგ ომის დაწყების დღეს გამოყო და ეს ისრაელისთვის 1 წლის განმავლობაში გაგზავნილი სამხედრო დახმარების რეკორდული მაჩვენებელია. ამ თანხაშია გათვალისწინებული მეორეული სამხედრო ტექნიკაც - ძირითადად, საარტილერიო ჭურვები და მართვადი ბომბები.
კვლევის თანახმად, დანახარჯებს შორისაა ისრაელის რკინის გუმბათის აღდგენისთვის გამოყოფილი $4 მილიარდიც და თანხაც, რომელიც აშშ-მა ქვეყანას საავიაციო საწვავისთვის გამოუყო. კვლევის ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ განსხვავებით აშშ-ის უკრაინისადმი გამოყოფილი დახმარების ზედმიწევნითი აღრიცხვისა, ისრაელის შემთხვევაში შეუძლებელია, სრული მონაცემების მოძიება.
ისრაელში, მუსიკალურ ფესტივალზე ისლამისტური დაჯგუფება "ჰამასის" თავდასხმის შემდეგ 1 წელი გავიდა, რის შემდეგაც ისრაელი პალესტინაში, ღაზას სექტორში შეიჭრა. ოფიციალური ინფორმაციით, ღაზას სექტორში მსხვერპლი 41 000-ს აღემატება, დასავლეთ სანაპიროზე კი 700-ს. ისრაელის ინფორმაციით კი ისრაელის სამხედრო დანაკარგი 700-მდე სამხედრო პირია.