ავტოინდუსტრიის ერთ-ერთმა წამყვანმა კვლევითმა ცენტრმა Focus2Move-მა გლობალური საავტომობილო ბაზრის 2023 წლის შედეგები გამოაქვეყნა. ანგარიშში ყველაზე გაყიდვადი ავტომობილების რეიტინგი მსოფლიოს 162 ქვეყნის ყოველთვიურ მონაცემებზე დაყრდნობით არის შედგენილი.
Focus2Move-ის მიერ გამოქვეყნებულ წლიურ ანგარიშში მსოფლიოს მასშტაბით 100 ყველაზე გაყიდვადი ავტომობილია წარმოდგენილი, რომელთა შორისაც მართალია შიდაწვის ძრავაზე მომუშავე ავტომობილები დომინირებენ, თუმცა, წლევანდელი შედეგები ცხადყოფს, რომ გლობალური ავტოინდუსტრია ელექტრიფიკაციისკენ ისწრაფვის და ინდუსტრიაში ელექტრომობილების წილი სულ უფრო მზარდია.
როგორც კვლევიდან დგინდება, საავტომობილო ბაზრის უპირობო ლიდერი Tesla-ს ელექტრომობილი Model Y-ია, რომლის გაყიდვებიც გასულ წელს, 2022 წელთან შედარებით 57.1%-ით გაიზარდა. გასულ წელს, პირველადგილოსანი Model Y-ის 1 მილიონ 60 ათასი ერთეული ავტომობილი გაიყიდა და ამ მაჩვენებლით წინა წელთან შედარებით 3 პუნქტით დაწინაურდა.
რეიტინგში მეორე პოზიციაზე გასული წლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელი, Toyota Corolla ხვდება, რომლის გაყიდვების მაჩვენებელმაც 2023 წლის 11 თვეში 1 მილიონ 10 ათასი ერთეული შეადგინა და ეს მაჩვენებელი 2022 წლის შედეგს 0.7%-ით აღემატება.
2022 წლის მონაცემებთან შედარებით 2023 წელს რეიტინგში ერთი პოზიციით დაწინაურდა Toyota Rav 4 და 819 780 გაყიდული ერთეულით რეიტინგში მესამე პოზიცია დაიკავა. 2023 წლის 11 თვეში Rav 4-ის გაყიდვები წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 3.6%-ით აღემატება.
მსოფლიოში ყველაზე გაყიდვად ავტომობილებს შორის ხვდება ასევე პირველი პიკაპი - Ford F-series, რომელმაც გასულ წელს გაყიდვების 12%-იანი ზრდა დააფიქსირა, რაც 777 231 გაყიდულ ერთეულში გამოიხატა.
მეხუთე ადგილზე Honda CR-V ხვდება, რომელმაც 2022 წლის შედეგები 15.2%-ით გააუმჯობესა. გასულ წელს მსოფლიოს მასშტაბით 629 765 CR-V გაიყიდა.
463 836 გაყიდული ერთეულით რეიტინგში Toyota Camry-ც მოხვდა, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ იაპონური ავტომწარმოებლის მიერ შექმნილი მოდელის გაყიდვები 2022 წელთან შედარებით 2023 წელს 5.9%-ით შემცირდა და 572 015 ერთეული შეადგინა.
რაც შეეხება Hyundai Tucson-ს, ამ მოდელის გაყიდვები, 2022 წლის 11 თვესთან შედარებით, 13%-ით გაიზარდა და 471 613 ერთეულით, ავტომობილი რეიტინგის მეშვიდე ადგილს იკავებს.
მერვე პოზიციაზე 535 957 გაყიდული ერთეულით Chevrolet Silverado-ია, რომელმაც 2022 წლის შედეგები 0.1%-ით გააუმჯობესა.
გაყიდვების 3.9%-იანი შემცირების მიუხედავად ყველაზე პოპულარულ ავტომობილთა სიაში მოხვდა Toyota Hilux-იც. გასულ წელს მსოფლიოში ამ მოდელის 521 633 ავტომობილი გაიყიდა.
დაბოლოს, ყველაზე გაყიდვადი ავტომობილების რეიტინგის RAM-ის პიკაპი ხურავს, რომლის გაყიდვებიც, გასულ წელთან შედარებით, 5.8%-ით შემცირდა და 471 613 ერთეული შეადგინა.