მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024-2025 წლებში Snap Fitness ორი ახალი ფილიალის გახსნას გეგმავს

სნეპი

2024-2025 წლებში სპორტული კომპლექსი Snap Fitness ორი ახალი ფილიალის გახსნას გეგმავს.

ამის შესახებ BM.GE-სთან სპორტული კომპლექსის აღმასრულებელმა დირექტორმა, სოფო სოლოღაშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, 2022 წლიდან მომხმარებლების მხრიდან მოთხოვნა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. კერძოდ, მათ ფილიალებში მომხმარებლების დაახლოებით 30%-იანი მატება ფიქსირდება.

აღსანიშნავია, რომ გადატვირთული დარბაზების გამო, სპორტულ კომპლექსს, გასული წლის მარტი-აპრილის პერიოდში, 1-თვიანი ულიმიტო პაკეტების გაყიდვა შეჩერებული ჰქონდა.

„ზუსტი ადგილმდებარეობა, თუ სად განთავსდება ჩვენი ახალი ფილიალები ამ ეტაპზე, არ საჯაროვდება. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ერთი ფილიალი თბილისში, თუმცა არა ქალაქის ცენტრში იქნება, ხოლო მეორე ფილიალი ქუთაისში ან ბათუმში იქნება წარმოდგენილი. მათში განსახორციელებელი ინვესტიცია მინიმუმ 3 მლნ ლარს შეადგენს.

ამასთან, 2023 წელს, ორი ფილიალის განახლება მოხდა და თითოეულ მათგანში 350 ათასი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

ბაზარზე ფასის შენარჩუნებას ვცდილობდით, თუმცა იანვრიდან უკვე დაახლოებით 12%-მდე მატება მოგვიწია და 1-თვიანი ულიმიტო აბონიმენტის ღირებულება 179 ლარი გახდა,“-აცხადებს სოლოღაშვილი.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, იქიდან გამომდინარე, რომ ჯგუფურ ვარჯიშებზე მოთხოვნა მზარდია, კომპანია მიმდინარე წელს ამ მიმართულებით განვითარებას და ახალი ჯგუფური ვარჯიშების დამატებასაც გეგმავს. მათ შორის, ისეთი ვარჯიშის დამატებას, როგორიცაა „ტაიჩი“, რომელიც ულიმიტო აბონიმენტის ღირებულებაში იქნება შესული.

როგორც სპორტული კომპლექსის აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, Snap Fitness-ი 5 წელია მასთან არსებულ Snap academy-ს ფლობს, სადაც ფიტნეს ინსტრუქტორების გადამზადება და მათთვის კომპლექსური სწავლება ხდება ისეთ საკითხებში, როგორიცაა ნუტრიცია, პირველადი დახმარება და ა.შ.

მისივე ცნობით, პროგრამა 3-თვიანია და კურსის ბოლოს მომხმარებელს 2-კვირიანი პრაქტიკის Snap Fitness-ში გავლის შესაძლებლობა აქვთ. პროგრამის ფარგლებში, ჯგუფში 25 ადამიანის მიღებაა შესაძლებელი. მიღება კი, წელიწადში 3-ჯერ ცხადდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები