2023 წელს, შიდა და უცხოელი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ აჭარაში 4’691’633 ვიზიტი შეადგინა, რაც 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +20 %-ით, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +10.4 %-ით არის გაზრდილი, - ამის შესახებ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ აჭარის უმაღლესს საბჭოში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე გამოსვლისას განაცხადა.
"მზარდი ტურისტული დინამიკით დაიწყო აჭარაში 2024 წელიც. 2024 წლის I კვ. (იანვარ-მარტი) მონაცემით ჯამში შიდა და უცხოელი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა შეადგენს 857’944 ვიზიტს, რაც 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია +11%-ით, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით არის გაზრდილი +34%-ით.
აქტიურად მიმდინარეობს რეგიონის ცნობადობის გაზრდა და ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაცია 25-ზე მეტ სამიზნე ქვეყანაში. იგეგმება მარკეტინგული კამპანიები და სამიზნე ქვეყნებში ტარდება რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების საპოპულარიზაციო ღონისძიებები. აჭარის რეგიონი წარმოდგენილია ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო ტურისტულ პლატფორმასა და ღონისძიებაზე. აჭარის რეგიონი წარმოდგენილი იყო 23 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე როგორც ევროპაში, ისე აზიასა და მეზობელ ქვეყნებში", - განაცხადა მან.
ზოიძის თქმით, აქტიურად მიმდინარეობს, შეხვედრები და იგეგმება მედია ტურები რეგიონში.
"გრძელდება მუშაობა სერვისების გაუმჯობესებაზე. მთელი წლის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა საინფორმაციო შეხვედრები, ტრენინგები, მასტერკლასები და პრაქტიკული მეცადინეობები სექტორის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლისთვის, მათ შორის გიდებისთვის, სააგენტოებისთვის, განთავსებისა და კვების ობიექტებისთვის. სერვისის გაუმჯობესების მიზნით აჭარაში წლიურად ტურისტული სექტორის 1000-მდე წარმომადგენლის გადამზადება ხდება.
მთიან აჭარაში 25-მდე მარკირებული ტურისტული ბილიკი და ახალი ტურისტული პროდუქტია მზად ტურისტების მისაღებად. მათ შორისაა ხიხანის განახლებული ტურისტული ბილიკი და ინფრასტრუქტურა, ჯვარიმინდორის ტურისტული თავშესაფრები, მირვეთის ბილიკი განახლებული ინფრასტრუქტურით და საპიკნიკე სივრცეები ყველა მუნიციპალიტეტში", - თქვა მან.