ქართული კაკლის გადამმუშავებელი კომპანია "ანიგოზი" 2024 წელს ევროკავშირის ბაზარზე შევიდა. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი, ანა ქევხიშვილი გადაცემა "ქალების ნარატივში" აღნიშნავს, ევროპის პირველი ქვეყანა, რომელშიც ქართული კაკალი გაიგზავნა, იტალიაა.
"2024 წელი იყო ალბათ ყველაზე საინტერესო და გამორჩეული. მანამდე დიდხანს ვცდილობდით, ევროკავშირის ბაზარი გაგვეხსნა. შარშან მოსავლის რაოდენობა საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა, მაღალი ხარისხობრივი ნიშის ადგილობრივი მოხმარებაც დაკმაყოფილდა, გაჩნდა საექსპორტო მარაგებიც და დავიწყეთ მნიშვნელოვანი ექსპორტი, აქტიურად გავედით იტალიის ბაზარზე. ჩვენი მეზობელი ქვეყნები, სომხეთი და აზერბაიჯანი, ასევე გალფის ქვეყნები, ყოველთვის რჩებოდა სამიზნედ, უბრალოდ ევროკავშირის მიმართულება არ იყო აქტიური და ახლა გვიხარია, რომ ცნობადობა ნაბიჯ-ნაბიჯ იმატებს.
იტალიიდან უკუკავშირი ძალიან დადებითია, 200 ტონის ექსპორტი განვახორციელეთ, როგორც ნაჭუჭიანი, ისე გარჩეული კაკლის. ისინი ძალიან კმაყოფილები არიან, პროდუქტი საერთაშორისო სტანდარტში ჯდება და დამაკმაყოფილებელი წარმოება გვქონდა. მზად არიან გააგრძელონ მუშაობა, თუმცა ჩვენ არ გვაქვს საკმარისი რაოდენობები", - აღნიშნავს ქევხიშვილი.
როგორც "ანიგოზის" დამფუძნებელი BMGTV-ის ეთერში ამბობს, ქართულ კაკალზე მოთხოვნა მაღალია, თუმცა მიწოდება მოთხოვნას ვერ ეწევა, რადგან ქვეყანაში ახალი ბაღების გაშენების ტემპი მნიშვნელოვნადაა შენელებული.
"ახლა კაკალზე მოთხოვნა ძალიან დიდია, რაოდენობები სრულადაა გაყიდული, დაჯავშნილი რაოდენობების გადატვირთვა ახლა ხორციელდება, როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე. საექსპორტო პოტენციალი ახალ მოსავლამდე ქვეითდება, რადგან რაოდენობები ძალიან შეზღუდულია. მოთხოვნა იმდენად დიდია, 2-3-ჯერ მეტი მოსავლის დაბინავებაც არ იქნება პრობლემა.
აუცილებელია რომ მეტი ბაღი გაშენდეს. უკვე გაშენებულ ბაღებში იზრდება მოსავლის რაოდენობა და მინიმუმ უახლოესი 5 წელი ასე იქნება. გამოცდილებაც გაიზარდა, თუმცა ახალი ბაღების გაშენების ტემპი შემცირდა ზუსტად მაშინ, როცა გვაქვს ყველაზე დიდი გამოცდილება, უამრავი წარმატების ისტორია, როცა სექტორი ფეხზე დადგა და ცნობადობა გვეზრდება საერთაშორისო ბაზარზე", - ამბობს ანა ქევხიშვილი.
"ანიგოზმა" 2024 წელს კაკლის პირველადი გადამუშავების მიმართულებით 400 ტონა ნიგოზი აწარმოვა. ამასთან, კომპანია სხვადასხვა საწარმოებისგან უკვე გადამუშავებულ კაკალსაც ყიდულობს და მეორეულად ამუშავებს. ანა ქევხიშვილის განმარტებით, ამ გზით, პირველადი გადამუშავებით მიღებული 400-ტონიანი წარმადობა "ანიგოზმა" უკვე გააორმაგა.




























