საქართველოში Boeing-ის კონტრაქტორმა კომპანია "აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიებმა - ციკლონმა" ფინანსური ანგარიში გაასაჯაროვა, რაც 2024 წელს მიღებულ შემოსავლებს და გაწეულ ხარჯებს ასახავს. დოკუმენტის თანახმად, ქარხნის შემოსავალმა 9.4 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 4.9 მილიონი დოლარით გაზრდილი მაჩვენებელია, თუმცა უფრო მეტად არის გაზრდილი ხარჯები, რამაც გასულ წელს კომპანიის 6.3 მილიონი დოლარის ზარალი განაპირობა.
კომპანია "ციკლონი" საქართველოს განვითარების ფონდის და ისრაელის ტექნოლოგიური კომპანია Elbit-ის ერთობლივი საწარმოა, რომელიც 2015 წელს დაფუძნდა. ქარხანა 2018 წელს გაიხსნა და მან ნაწილების რეალიზაცია 2019 წელს დაიწყო. საწარმო Boeing 787-ისთვის და Boeing 737 Max-ისთვის ამზადებს კომპონენტებს და შესაბამისად, აღნიშნული მწარმოებლის შეკვეთების მოცულობაზე არის დამოკიდებული.
2024 წელს კომპანიამ $9.38 მილიონი ამონაგები მიიღო, რაც მნიშვნელოვნად აღემატება წინა წლის მაჩვენებელს ($4.47 მილიონი). თუმცა, ზრდის მიუხედავად, საოპერაციო ხარჯებისა და ფინანსური ვალდებულებების მოცულობამ საბოლოო შედეგზე უარყოფითი გავლენა მოახდინა ― „ციკლონის“ საოპერაციო ზარალი $2.47 მილიონი იყო, ხოლო ფინანსურმა ხარჯებმა $3.76 მილიონი შეადგინა, შედეგად კომპანიის ჯამურმა ზარალმა გასულ წელს 6.3 მილიონი ლარი შეადგინა.
კომპანია კვლავ მაღალი ზომის დაგროვილი ზარალით ოპერირებს – 2024 წლის ბოლოს შემთხვევაში ის $73.9 მილიონს აღწევს. ანგარიში ასევე მიუთითებს, რომ კომპანიის მოკლევადიანი ვალდებულებები მოკლევადიან აქტივებს $15.9 მილიონით აღემატება, რაც ფინანსურ სტაბილურობაზე დამატებით წნეხს ქმნის.
აუდიტორი „ბიდიო აუდიტი“ ფინანსურ ანგარიშგებაზე პირობით მოსაზრებას გამოთქვამს, მიზეზად კი ასახელებს სს „ციკლონის“ ძირითადი პარტნიორისა და აქციონერის – „Elbit Systems – Cyclone“-ის მიმართ არსებული ვალდებულებების დეტალებზე არასაკმარისი დადასტურების მიღებას.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ კომპანიის ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული აქციონერების მხარდაჭერაზე, მათ შორის ქართულ კომერციულ ბანკთან არსებული სესხის პირობების დარღვევის გამო. 2024 წელს აქციონერებმა სესხების გადავადებაზე ახლიდან მიიღეს გადაწყვეტილება – მათი დარჩენილი ნაწილის დაფარვა 2027 წლამდე გადაიდო.
კომპანიას აქვს 16.2 მილიონი დოლარის ვალი Elbit Systems Cyclone-ის მიმართ, 10.4 მილიონი დოლარის ვალი საქართველოს განვითარების ფონდის მიმართ და 7 მილიონი დოლარის ვალი ქართული კომერციული ბანკების მიმართ.
კომპანიის 66.66%-ის წილის მფლობელია საქართველოს განვითარების ფონდი, ხოლო 33.33% კი ისრაელის სამხედრო კორპორაცია Elbit-ს ეკუთვნის. კომპანიის მიერ მიღებული ზარალი გასულ წელს "საქართველოს განვითარების ფონდის" ზარალის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი იყო.
კომპანიამ 2024 წელს Boeing-ს 420 კომპოზიტური საავიაციო ნაწილი მიაწოდა. კომპანია 160 ადამიანს ასაქმებს.



























