ფოთის პორტის ოპერატორმა APM Terminals-მა 2024 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც გასულ წელს პორტმა 224 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, ეს თანხა 2023 წელთან შედარებით 2 მილიონი ლარით ნაკლებია. ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, რომ შემცირდა კომპანიის წმინდა მოგებაც, რამაც გასულ წელს 97 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 16 მილიონით არის შემცირებული.
ფოთის პორტის ანგარიშის თანახმად, გასულ წელს მათი შემოსავლების და მოგების კლება ძირითადად საკონტეინერო მომსახურებიდან შემოსავლების შემცირებას უკავშირდება, ხოლო ნაყარი ტვირთების მოცულობა გაიზარდა, თუმცა ამის მიუხედავად, ტვირთების აღნიშნული კატეგორია კონტეინერებთან შედარებით უფრო დაბალი საოპერაციო მარჟით გამოირჩევა, რის გამოც კომპანიის მოგება შემცირდა. ასევე შემცირებულია კომპანიის საიჯარო შემოსავლებიც.
- კონტეინერები და საერთო ტვირთი - 133.6 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 0.9 მლნ;
- საზღვაო მომსახურება - 49.9 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 3.1 მლნ;
- სახმელეთო და სასაწყობე მომსახურება - 18.3 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 3.7 მლნ;
- საიჯარო შემოსავალი - 17.4 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 2.7 მლნ;
- დამატებითი მომსახურება - 4.8 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 0.4 მლნ;
- სულ ამონაგები 224 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 2 მლნ.
2024 წლის განმავლობაში პორტი სულ 545,297 კონტეინერს (TEU) მოემსახურა, რაც წლიურად 8%-ით შემცირებული მაჩვენებელია. პორტი გასულ წელს მოემსახურა 789 გემს (რაოდენობა 2023-თან შედარებით გაზრდილია 58-ით), ხოლო ამ გემებზე არასაკონტეინერო ტვირთებმა 1,184,728 ტონა შეადგინა, რაც წლიურად 30%-ით არის გაზრდილი.
APM Terminals-ის საბოლოო მაკონტროლებელია დანიური გიგანტი Maersk-ი. 2024 წელს APM-მა მშობელ კომპანიასთან $41-მილიონიან სასესხო შეთანხმებას მოაწერა ხელი.
APM Terminals-ის ანგარიშში ასევე საუბარია პორტის გაფართოების პროექტზე. კომპანიამ პორტის გაფართოების შესახებ მთავრობას შესაბამისი ნებართვის მისაღებად პროექტი 2024 წლის პირველ კვარტალში წარუდგინა, თუმცა მმართველობითი ანგარიშის თანახმად, ეკონომიკის სამინისტროსგან პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.
კომპანიის წლიური ანგარიშის თანახმად, არსებული პორტის მიმდებარედ, ჩრდილოეთით იგეგმება ახალი 330-მეტრიანი ნავმისადგომის და 1,500-მეტრიანი ტალღმჭრელის მშენებლობა. ამასთან, პორტთან 6.8 ჰექტარის ტერიტორიაზე საკონტეინერო ტერმინალის მოწყობა იგეგმება.
ახალი ტერმინალის მთლიანი საინვესტიციო ღირებულება 300 მილიონ დოლარამდეა.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, ფოთის პორტის აქტივების ღირებულება 921 მილიონი ლარია.




























