2024 წელს საქართველოში გარდაცვლილ საწარმოთა რიცხვი 29 634-მდე გაიზარდა. საქსტატის ბიზნეს დემოგრაფიის 2024 წლის განახლებული მონაცემებით, 2023 წელს ქვეყანაში 29 405 საწარმო გარდაიცვალა, ხოლო 2024 წელს ასეთი საწარმოების რიცხვი 229-ით მეტია.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს საქართველოში 56 259 დაიბადა, რაც წლიურად 2 843 სუბიექტით შემცირებული მაჩვენებელია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განმარტებით, საწარმოს დაბადება ისეთ ბიზნეს დემოგრაფიულ მოვლენას ეწოდება, რომლის დროსაც ადგილი აქვს სრულიად ახალი საწარმოო ფაქტორების თავმოყრას ან საწარმოს გააქტიურებას მას შემდეგ, რაც ეკონომიკური საქმიანობა 2 წელზე მეტი ხნით ჰქონდა შეჩერებული. საწარმოს გარდაცვალება კი ისეთი ბიზნეს დემოგრაფიულ მოვლენაა, რომლის დროსაც ადგილი აქვს წარმოების ფაქტორების არსებული კომბინაციის დაშლას.
გასულ წელს ყველაზე მეტი საწარმო თბილისში, იმერეთში, აჭარაში, ქვემო ქართლსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში გარდაიცვალა. ასეთი საწარმოების უმრავლესობის სამართლებრივი ფორმა კი შპს და ინდმეწარმე იყო.
2024 წელს საქართველოში ყველაზე მეტი საწარმო ვაჭრობის სექტორში გარდაიცვალა, რაც ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტსაც მოიცავს. საწარმოების ოპერირების შეწყვეტის მაჩვენებელი გაიზარდა ასევე მშენებლობის, დამმუშავებელი მრეწველობის, IT-ის, სამთომოპოვებით და სოფლის მეურნეობის საქმიანობებში.
დარგების მიხედვით გარდაცვლილ საწარმოთა მაჩვენებელი ასეთია:
- ვაჭრობა - 12 469;
- მშენებლობა - 3 067;
- დამმუშავებელი მრეწველობა - 2 691;
- ტრანსპორტირება და დასაწყობება - 2 463;
- სასტუმროები და კვების ობიექტები - 1 542;
- პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 1 174;
- IT – 874;
- ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურებები - 810;
- სხვა სახის მომსახურება - 685;
- სოფლის მეურნეობა - 512;
- უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - 510;
- განათლება - 291;
- ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება - 223;
- ხელოვნება, გართობა და დასვენება - 202
- საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 181;
- სამთო-მოპოვებითი მრეწველობა - 138;
- წყალმომარაგება - 35;
- ენერგეტიკა - 17




























