2024 წელს საქართველოში 43 971 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 1 215 ერთეულით (2.8%) მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე. გარდაცვალების მიზეზებს შორის ჭარბობს სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები და სიმსივნეები, რომლებზეც მოდის გარდაცვლილთა შესაბამისად, 41.3% და 13%.
გარდაცვალების მიზეზებს შორის მესამე ადგილზე სასუნთქი სისტემის ავადმყოფობებია (3 641 შემთხვევა), მეოთხეზე - ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების ზოგიერთი სხვა შედეგი (1 826 შემთხვევა), მეხუთეზე კი - საჭმლის მომნელებელი სისტემის ავადმყოფობები (1 307 შემთხვევა).
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გარდაცვლილთა რაოდენობის პროცენტული განაწილება გარდაცვალების მიზეზების ძირითადი კლასების მიხედვით განსხვავებულია სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისათვის.
5 წლამდე ასაკის გარდაცვლილ ბავშვებში დომინირებს პერინატალურ პერიოდში აღმოცენებული დარღვევები.
5-39 წლის ასაკში ჭარბობს ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების სხვადასხვა შედეგები, რადგან აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფისათვის შედარებით მაღალია უბედური შემთხვევების ალბათობა, ხოლო 40 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობაში გარდაცვალების მიზეზებს შორის 2024 წელს დომინირებს სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები და სიმსივნეები.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის მაჩვენებლებთან შედარებით, 2024 წელს გაზრდილია:
სიმსივნეების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 4 939-დან 5 720-მდე;
ნერვული სისტემის ავადმყოფობებით გარდაცვლილთა რაოდენობა 480-დან 624-მდე;
სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 17 100-დან 18 159-მდე;
სასუნთქი სისტემის ავადმყოფობების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 3 214-დან 3 641-მდე;
საჭმლის მომნელებელი სისტემის ავადმყოფობების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა მცირედით - 1 294-დან 1 307-მდე;
შარდ-სასქესო სისტემის ავადმყოფობების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 595-დან 779-მდე;
თანდაყოლილი ანომალიების (განვითარების მანკების), დეფორმაციების და ქრომოსომული დარღვევების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 1794-დან 18 26-მდე;
კანისა და კანქვეშა ქსოვილის ავადმყოფობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევები 26-დან 41-მდე.
რაც შეეხება შემცირებულ მაჩვენებლებს გარდაცვალების მიზეზების სტატისტიკაში:
სისხლისა და სისხლმბადი ორგანოების ავადმყოფობები და იმუნური მექანიზმის ჩათრევით გამოწვეული ზოგიერთი დარღვევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა შემცირებულია 426-დან 333-მდე;
ენდოკრინული სისტემის, კვებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოწვეული ავადმყოფობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევები 1 102-დან 891-მდე;
პერინატალურ პერიოდში განვითარებული ზოგიერთი მდგომარეობის შედეგად გარდაცვალების შემთხვევები 256-დან 196-მდე;
COVID-19-ის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 287-დან 12-მდე.

























