საქსტატის ინფორმაციით, შარშან ღვინის ექსპორტიდან ქვეყანამ თითქმის 276 მლნ დოლარი მიიღო, ხოლო სპირტიანი სასმელების ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 288.6 მლნ დოლარს შეადგენს.
ღვინის ექსპორტი 2023 წელთან შედარებით 6.5%-ით, ხოლო სპირტიანი სასმელების ექსპორტი 47%-ით არის გაზრდილი. ეს პროდუქტები ადგილობრივ ექსპორტში მეორე და მესამე ადგილს იკავებენ.
276 მლნ დოლარიანი ექსპორტიდან $182.6 მილიონი რუსეთზე მოდის, რაც ნიშნავს, რომ ექსპორტირებული ღვინის 66% რუსეთზე მოდის. 2023 წელთან შედარებით, შარშან რუსეთში ღვინის ექსპორტი 8.5%-ით გაიზარდა. მეორე ადგილს პოლონეთი იკავებს 16.6 მლნ დოლარით, 2023 წელთან შედარებით ზრდა 10%-ია. მესამე ადგილს უკრაინა იკავებს 12.4 მლნ დოლარით, წლიურად 14%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
რაც შეეხება სპირტიანი სასმელებს, შარშან რუსეთში თითქმის 155 მლნ დოლარის გაიყიდა, 2023 წელთან შედარებით წლიური ზრდა თითქმის 130%-ს შეადგენს. 48 მლნ დოლარის გაიყიდა სომხეთში, 2023 წელთან შედარებით ზრდა 107%-ია. 23 მლნ დოლარის გაიყიდა უკრაინაში, 2023 წელთან შედარებით 3%-ით ნაკლები.
"ქართული ოცნების" ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტის წილი ადგილობრივი ექსპორტისთვის მნიშვნელოვანია.
"ყურძნისეულ ალკოჰოლურ სასმელებზე რომ ვსაუბრობთ აქ მხოლოდ ღვინო არ არის. ყურძნისეულია სპირტიანი სასმელები და ასევე ბრენდი. ჯამში ეს ნახევარ მილიარდზე მეტი შემოსავალია და ეს არის სულად ადგილობრივი რესურსების გამოყენებით, ადგილობრივი ექსპორტი, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი აქვს [მთლიან] ექსპორტში. ის მნიშვნელოვანია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებისთვისაც", - ამბობს დავითაშვილი.