მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წელს ინგლისში ფერმერთა მოსავლიანობა შემცირდა - მიზეზები

მოსავალი

ცივი, ტენიანი ზამთრის შემდეგ ინგლისმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 2024 წლის მოსავალი ერთ-ერთი ყველაზე მცირეა ქვეყნის ისტორიაში. ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ზამთარში მოსულმა უხვმა ნალექმა ძირითადი აგროპროდუქტის, მათ შორის ხორბლისა და შვრიის მოსავლიანობა მნიშვნელოვნად შეამცირა - ამის შესახებ Euronews წერს.

მედიის ინფორმაციით, ხორბალთან და შვრიასთან ერთად, ქერისა და ზეთოვანი რაფსის მოსავლიანობა 40-წლიან მინიმუმზეა, თუ არ ჩავთვლით კოვიდპანდემიურ 2020-ს. წინასწარი გამოთვლებით, ფერმერთა ზარალი მხოლოდ ამ ოთხი კულტურის მიმართულებით, 700 მილიონ ევროს გადააჭარბებს.

ცივმა კლიმატმა განსაკუთრებულად დააზარალა ინგლისის სწრაფად განვითარებადი ღვინის ინდუსტრია. მწარმოებლები ფიქრობენ, რომ ყურძნის მოსავალი წელს, სხვადასხვა რეგიონში, 30-დან 75%-მდე შემცირდა. ფერმერები შიშობენ, რომ კლიმატის ცვლილების გავლენა მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაიზრდება.

“კლიმატისა და ენერგეტიკის” სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, 2023/24 წლების ზამთარი ინგლისსა და უელსში რეკორდულად ტენიანი იყო. ამავე კვლევამ აჩვენა, რომ ინგლისში ხორბლის მოსავალმა წელს მხოლოდ 10 მილიონ ტონას მიაღწია, 21%-ით ნაკლებს, ვიდრე 2023-ში - ეს რეკორდულად დაბალი შედეგია.

კლიმატისა და ენერგეტიკის დეპარტამენტის ანალიტიკოსი, ტომ ლანკასტერი Euronews-თან აღნიშნავს, რომ წელს მოსავლიანობის კლება შოკის მომგვრელია, მიზეზი კი კლიმატის ცვლილებაა. მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთის კვებითი უსაფრთხოებისთვის მთავარი საშიშროება სწორედ ეს არის და ასეც დარჩება, ვიდრე ქვეყანა სათბურის აირების ემისიების შემცირებაზე არ იზრუნებს.

ლანკასტერის თქმით, სექტემბერში მოსული უხვი ნალექი აჩვენებს, რომ არც ახალი სეზონი იქნება განსაკუთრებულად წარმატებული, რადგან ზოგიერთ ოლქში ფერმერებმა პროდუქტის დანერგვისგან თავი შეიკავეს, რის გამოც ახალი მოსავლის ჩასაყრელად მომდევნო გაზაფხულამდე მოუწევთ ლოდინი.

კვლევა ასევე აჩვენებს, რომ დაბალი მოსავლიანობა არა მხოლოდ ფერმერებისთვის იქნება ზარალიანი და საკვები პროდუქტების დეფიციტს გამოიწვევს, არამედ მოსალოდნელია, რომ ის სამომხმარებლო ფასებსაც გაზრდის, რაც ინგლისის ეკონომიკისთვის შეიძლება დამანგრეველი აღმოჩნდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები