მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"2024 წელს კახეთისა და იმერეთის სასტუმროებში შესვლას ვაპირებთ" - Zarbazani Cosmetics-ის გეგმები

ზარბაზანი

ღვინის კოსმეტიკის მწარმოებელმა კომპანია Zarbazani Cosmetics-მა, რომელიც Zarbazani Wine & Beauty-ს სახელით იყო ცნობილი, ბოლო ერთი წელია, ადგილობრივ ბაზარზე არსებული სასტუმროების ჰიგიენური საშუალებებით მომარაგება დაიწყო.

როგორც კომპანიის კომერციული პარტნიორი და დირექტორი ნანა დავითაძე BM.GE-სთან აცხადებს, კომპანია თბილისში, გუდაურსა და ბათუმში, 4 და 5-ვარსკვლავიან 50-მდე სასტუმროშია შესული და წელს ამ რიცხვის 200-მდე გაზრდას გეგმავს.

მისი შეფასებით, ქართული სასტუმრო ბიზნესი ადგილობრივი წარმოების მიმართ დადებითადაა განწყობილი და იმპორტირებული პროდუქციის ადგილობრივით ჩანაცვლებაზე უარს არ ამბობენ.

„სასტუმროებს შხაპის გელით, შამპუნით, თხევადი საპონითა და ჰიგიენის სხვა საშუალებებით ვამარაგებთ. ადგილობრივი წარმოება ვართ, რაც საშუალებას იძლევა, შეკვეთა იმ დღესვე ან მეორე დღეს ადგილზევე მივუტანოთ. ასევე, დისპენსერებს სრულიად უფასოდ ვუმზადებთ, რომელიც მათი ინტერიერის შესაბამისი ვიზუალის იქნება. 2024 წელს, კახეთისა და იმერეთის სასტუმროებში შესვლა იგეგმება. მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და ველით მარაგების ამოწურვას, რომ ჩვენი პროდუქცია მივაწოდოთ.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიმართულებით ქარხნულ-ინდუსტრიულ დონეზე კონკურენტი არ გვყავს. იმის მიუხედავად, რომ მინიმალური მარჟით შევდივართ, რადგან ადგილობრივი წარმოებაა, 100%-ით ნატურალურ პროდუქციას ვაწარმოებთ, რაც პროდუქციის ღირებულებას აძვირებს,“ - აცხადებს დავითაძე.

მისივე ინფორმაციით, წელს, კომპანია სპა მიმართულებით განვითარებასა და ახალი პროდუქციის დამატებასაც გეგმავს.

რაც შეეხება რეალიზაციას, ამ ეტაპზე, Zarbazani Cosmetics-ის პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე სააფთიაქო ქსელებში იყიდება. ჯამში, 200-მდე ობიექტზე არიან წარმოდგენილი. ამასთან, აქტიურია ონლაინგაყიდვებიც.

როგორც კომპანიის კომერციული პარტნიორი და დირექტორი აღნიშნავს, გაზრდილი მოთხოვნის გამო, წარმოების დასტაბილურებაზე იყვნენ ორიენტირებული, რის გამოც, ექსპორტის მიმართულებით მუშაობა შეწყვიტეს, თუმცა წელს, საექსპორტო ბაზრებზე მუშაობას გეგმავენ.

Zarbazani Cosmetics ღვინის კოსმეტიკის საწარმოა, რომელშიც 0,5 მილიონი ლარის ინვესტიციით 2021 წლის ნოემბერში ამოქმედდა. კომპანია ღვინისაგან ისეთ პროდუქციას ამზადებს, როგორიცაა: შამპუნი, შხაპის გელი, სამასაჟე ზეთი, თხევადი და მყარი საპონი და სხვა ჰიგიენის საშუალებები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები