2024 წელს, საქართველოს მთავრობამ ქვეყანა ადამიანის უფლებათა კრიზისამდე მიიყვანა. ამის შესახებ Human Rights Watch-ი წლიურ ანგარიშში წერს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ "ქართული ოცნების" მთავრობამ მიიღო ახალი რეპრესიული კანონები, გამოიყენა პოლიციის სასტიკი ძალადობა ძირითადად მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ, დაშორდა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს და ამისთვის საჭირო ადამიანის უფლებათა რეფორმებს.
Human Rights Watch-ი მიმოიხილავს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს და მიუთითებს მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების სანქცირების საჭიროებაზე.
"საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა მოითხოვონ დამოუკიდებელი გამოძიება ხელისუფლების მიერ ძირითადად მშვიდობიანი ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობის შესახებ და განიხილონ მიზანმიმართული, ინდივიდუალური სანქციების დაწესება იმ ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობრივ შეურაცხყოფაზე",- წერია ანგარიშში.




























