გლობალური ბრენდები, ისეთები როგორიცაა Nike, Puma, Adidas, New Balance, Under Armour-ი და სხვა კომპანიები უკვე არაერთი წელია საქართველოში ტანსაცმლის უმსხვილეს მწარმოებელთან კომპანია “აჭარა ტექსტილესთან” თანამშრომლობენ.
კომპანიამ გამოაქვეყნა 2024 წლის ფინანსური შედეგები, რომლის მიხედვითაც „აჭარა ტექსტილეს“ შემოსავალი გაიზარდა და 258.3 მილიონ ლარს მიაღწია (2023 წელი – 247.3 მილიონი ლარი).
ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, გასულ წელს კომპანიის საერთო მოგება 34.7 მილიონ ლარი იყო, რაც მნიშვნელოვნად აღემატება 2023 წლის მაჩვენებელს (21.8 მილიონი ლარი). წმინდა მოგებამ 2024 წელს 22.1 მილიონი ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც წინა წელს ის 17.4 მილიონ ლარს შეადგენდა.
კომპანიამ აქტივების მოცულობა 140.2 მილიონ ლარამდე გაზარდა (2023 წელს – 107.3 მილიონი ლარი). ვალდებულებების მოცულობა 78.5 მილიონ ლარამდე გაიზარდა, ხოლო საკუთარი კაპიტალი 61.6 მილიონ ლარს აღწევს.
„აჭარა ტექსტილეს“ ფინანსური ანგარიშგების თანახმად, კომპანიამ მასალებზე (მატერია და სხვა მასალები) 159 მილიონი ლარი დახარჯა. კომპანიაში დასაქმებულთა ხელფასებმა კი 58.6 მილიონი ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს კომპანიამ დივიდენდების სახით 14.4 მილიონი ლარი გაიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე ნაკლებია (2023 წელს – 22.8 მილიონი ლარი).
კომპანია, რომელიც 2008 წელს თურქული „აბაი ულუსლარარასი თექსთილ თურიზმ ვე იათირიმ თიჯარეთის“ მიერ დაფუძნდა, დღესაც გლობალური ბრენდების დაკვეთებით მუშაობს. საწარმოო ფაბრიკები განთავსებულია ფოთში, ბათუმში და ქობულეთში, სადაც ჯამში რამდენიმე ათასი ადამიანია დასაქმებული.




























