მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2024 წელს ქვეყანაში $108.9 მლნ-ის ფრინველის ხორცი შემოვიდა - რა აგროსურსათს ვყიდულობთ უცხოეთში?

ფრინველის ხორცი

2024 წელს საქართველომ 108.9 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ფრინველის ხორცი იყიდა, რაც წლიურად 16%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებულ აგროსასურსათო პროდუქციით ვაჭრობის ანალიზშია აღნიშნული.

2024 წლის მონაცემებით, ძირითადი საიმპორტო პროდუქციაა: ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები (205 მლნ აშშ დოლარი), თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები (199.8 მლნ აშშ დოლარი), კვების სხვადასხვა პროდუქტები (ძირითადად საკვები დანამატები და საწებლები) (163.8 მლნ აშშ დოლარი), მზა კვების პროდუქტები მიღებული მარცვლეულის გადამუშავებით (ძირითადად ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი) 158.2 მლნ აშშ დოლარი, სასმელები (ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო) (151.7 მლნ აშშ დოლარი), ხილი (142.8 მლნ აშშ დოლარი) და ცხოველური წარმოშობის საკვები პროდუქტები (რძის პროდუქტები, კვერცხი, და თაფლი) 137.7 მლნ აშშ დოლარი.

ანგარიშის მიხედვით, მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება კაკლოვანი ხილის (ძირითადად ფისტა და კაკალი) (26.5 მლნ აშშ $; 2.3-ჯერ), ხორბლის (18.5 მლნ აშშ $; 32%), სპირტის (17.3 მლნ აშშ $; 73%), ფრინველის ხორცის (15.4 მლნ აშშ $; 16%), შოკოლადის ნაწარმის (15.1 მლნ აშშ $; 17%), საკვები დანამატების (14.8 მლნ აშშ $; 23%) და ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმის (11.9 მლნ აშშ $; 15%) იმპორტში.

2024 წლის მონაცემებით:

  • კაკლოვანი ხილის (ძირითადად ფისტა და კაკალი) იმპორტი შეადგენს 46.3 მლნ აშშ დოლარს (9.9 ათასი ტონა), მისი საიმპორტო ფასი 65%-ით გაიზარდა და 4.7 $/კგ შეადგინა. ძირითად იმპორტიორ ქვეყანას აშშ (49%), ჩინეთი (12%) და თურქეთი (11%) წარმოადგენს.
  • ხორბლის იმპორტი შეადგენს 76.2 მლნ აშშ დოლარს (326.5 ათასი ტონა), მისი საიმპორტო ფასი 10%-ით შემცირდა და 233 $/ტონა შეადგინა. 99% იმპორტირებულია რუსეთიდან.
  • სპირტის იმპორტის ღირებულება შეადგენს 41 მლნ აშშ დოლარს (40.9 მლნ ლიტრი), მისი საიმპორტო ფასი 9%-ით შემცირდა და 1 $/ლიტრი შეადგინა. ძირითადი საიმპორტო ქვეყნებია რუსეთი (48%), ბელარუსი (19%) და საფრანგეთი (18%).
  • ფრინველის ხორცის იმპორტის ღირებულებამ 108.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მისი საიმპორტო ფასი 1$-ით შემცირდა და 1.5 $/კგ შეადგინა. ძირითადი საიმპორტო ბაზრებია ჩინეთი (27%), უკრაინა (12%), აშშ (12%) და ბრაზილია (12%).
  • შოკოლადის ნაწარმის იმპორტი შეადგენს 103.9 მლნ აშშ დოლარს (23.4 ათასი ტონა). მისი საიმპორტო ფასი 11%-ით გაიზარდა და 4.4 $/კგ შეადგინა. ძირითადი იმპორტიორი ქვეყნები რუსეთი (29%), უკრაინა (17%) და თურქეთია (12%).
  • საკვები დანამატების იმპორტი შეადგენს 79.7 მლნ აშშ დოლარს, მისი საიმპორტო ფასი 7%-ით შემცირდა და 7.22 $/კგ შეადგინა. იმპორტი ძირითადად ხორციელდება გერმანიიდან (12%), თურქეთიდან (12%), რუსეთიდან (11%), პოლონეთიდან (9%) და აშშ-დან (8%).
  • ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმის იმპორტი შეადგენს 92.8 მლნ აშშ დოლარს (33.2 ათასი ტონა), საიმპორტო ფასი 3%-ით გაიზარდა და 2.8 $/კგ შეადგინა. ძირითადი იმპორტიორი ქვეყნებია რუსეთი (28%), თურქეთი (18%) და უკრაინა (13%).

ამასთან, 2024 წელს, წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა ხორბლის ფქვილისა და შაქრის იმპორტი, მათი ღირებულება შესაბამისად 18.9 მლნ (50%) და 12 (12%) მლნ აშშ დოლარით შემცირდა და 18.5 მლნ და 87.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები