Renault Georgia-მ გასულ წელს 500-მდე ავტომობილი გაყიდა, რაც 2023 წლის მაჩვენებელზე 5%-ით მეტია - ამის შესახებ bm.ge-სთან კომპანიის CEO გიორგი ფალიანმა ისაუბრა.
რენო, რომელიც ქართულ საავტომობილო ბაზარზე 25 წელზე მეტია ოპერირებს , 2025-ში ბრენდის განვითარების ახალ საფეხურზე გადადის, რაც მომხმარებლისთვის ეტაპობრივად გახდება ცნობილი. დღეს კი კომპანია აქტიურად ჩართულია ახალი შოურუმისა და სერვისის დეველოპმენტზე.
საქართველოში რენომ 2024 წელს ადგილობრივი გაყიდვებით, მსუბუქ ავტომობილებში, მესამე ადგილი დაიკავა. საქმე ის გახლავთ, როცა საქართველოში ახალი ავტომობილები იყიდება, მათი არც თუ ისე მცირე ნაწილი რეექსპორტზე ან ექსპორტზე გადის. ჩვენს მიერ გაყიდვებში დაკავებული მესამე პოზიცია კი,მხოლოდ ადგილობრივი ბაზრისთვის მიწოდებული ავტომობილებით გვიჭირავს. რაც ნიშნავს იმას, რომ ავტომობილი გაიყიდა და დარჩა საქართველოში. სწორედ ამ კრიტერიუმით დავიკავეთ მესამე ადგილი გაყიდვებში, ადგილობრივ ბაზარზე.
bm.ge-ს კითხვაზე, ამ მასშტაბის რეალიზაციის ფონზე, რომელია 2024 წლის ფლაგმანი ავტომობილები, კომპანიის ხელმძღვანელი სამ მოდელს: Renault Duster-ს, Renault Express -სა და Renault Master-ს ასახელებს.
" ჩვენი გაყიდვების ძირითადი ფლაგმანი იყო Renault Duster, რომელიც განახლდა და ამის აღსანიშნავად მასშტაბური გაცნობითი სახის ღონისძიებაც გვქონდა შატო მუხრანში, სადაც მოვიწვიეთ ლოიალური და პოტენციური მომხმარებლები, შეფასება და უკუკავშირი ძალიან დადებითი იყო.
Renault Duster-ი გაყიდვების ნამდვილი ბესტსელერია და აქვს პოტენციალი, ეს პოზიცია კიდევ დიდხანს შეინარჩუნოს. ეს ავტომობილი ფასის და ხარისხის იდეალური შეფარდებაა, რომელიც 19 900-დან 24000 ევრომდე მერყეობს, ძრავებისა და კომპლექტაციების მიხედვით. Duster-ის მესამე თაობა, ძალიან შთამბეჭდავი, პრემიალური ხარისხის ვიზუალით, რბილი ჰიბრიდული ძრავით,თანამედროვე ტექნოლოგიებით, ერგონომიული სავარძლებითა და მძღოლზე მორგებული ინსტრუმენტული პანელით წარდგა.
უკეთ რომ აგიხსნათ მისი შესაძლებლობები, ჩამოყვანიდან სულ ცოტა ხანში, Renault Duster-მა რალის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ოფროუდ რალიში მიიღო მონაწილეობა და მეოთხე ადგილი დაიკავა.
განახლებული Renault Duster -ის გარდა, 2025 წელს კომპანიამ კიდევ ორი ახალი მოდელი წარმოადგინა,Taliant-ი და Kardian-ი. ორივე მოდელი ბიუჯეტური და ეკონომიურია.Kardian-ი გამოირჩევა თანამედროვე ვიზუალით, მაღალი კლირენსითა და ქალაქზე მორგებული კომპაქტური ზომებით, ხოლო Taliant-ი თავის კლასში გამოირჩევა ფართო შიდა სივრცითა და დიდი ზომის საბარგულით, რაც მას ძალზედ პრაქტიკულს ხდის, როგორც საოჯახო, ასევე კომერციული მიზნების განსახორციელებლად".

ხოლო კითხავზე რა გეგმები აქვს კომპანიას 2025 წელს, ფალიანი პასუხობს:
"2025 წელს იგივე პოზიციების შენარჩუნება გაგვიჭირდება ,გაყიდვების კუთხით, ვინაიდან კომპანია გადადის სრულიად ახალ საფეხურზე, წელს არსებულ შოურუმს ვანგრევთ და ვაშენებთ
ახალს, რენოს ბრენდის გლობალური სტანდარტების შესაბამისად, მშენებლობა გაგრძელდება წელიწად ნახევარი, ამ პერიოდში კი შოურუმი გვექნება თბილისი მოლში. ახალი ცენტრის დასრულებასთან ერთად, იგეგმება განახლებული და პრემიალური სამოდელო რიგის დამატებაც, რაც საგრძნობლად გაზრდის გაყიდვების მაჩვენებელს და ბრენდის მიმართ ინტერესს".
ცნობისთვის, ამ ეტაპზე Renault Georgia-ში შემდეგი მოდელების შეძენაა შესაძლებელი: RENAULT DUSTER III, Renault KARDIAN, Renault Taliant. Renault CAPTUR, Renault Express, Renault Express Van , Renault KOLEOS, Renault Master.

























