2024 წლის განმავლობაში სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 33 და დაშავდა 257 ადამიანი. ამის შესახებ შრომის უსაფრთხოების სამსახურის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშში წერია.
ოფიციალური მონაცემებით, გარდაცვლილი 33 პირიდან ყველა კაცია, აქედან კი 3 შრომითი იმიგრანტია. სამუშაო ადგილზე მომხდარი ინციდენტების შედეგად დაშავებულთაგან 59 ქალი და 198 კაცია.
„მიუხედავად აქტიური ბიზნეს სუბიექტებისა და დასაქმებულთა რაოდენობების ზრდისა პირდაპირპროპორციულადაა შემცირებული სამუშაო სივრცეში მომხდარი ინციდენტების რაოდენობა და შესაბამისად ინციდენტობის მაჩვენებელი.
ხაზგასასმელია სამუშაო სივრცეში აღრიცხული ინციდენტების რადიკალური კლება 2024 წლისთვის, რაც სახელმწიფოს მიზნობრივი პოლიტიკისა და სტრატეგიული დოკუმენტებით დაგეგმილი აქტივობების ეფექტურობაზე და კანონმდებლობის ეფექტიან აღსრულებაზე მეტყველებს“, - აღნიშნულია ანგარიშში.

2024 წლის ანგარიშის მიხედვით, აღრიცხული არაფატალური 257 უბედური შემთხვევიდან:
- 71 შემთხვევა კლასიფიცირდა, როგორც მძიმე უბედური შემთხვევა (ქალი 6; კაცი 65);
- 186 შემთხვევა კი, როგორც საშუალო სიმძიმის უბედური შემთხვევა (ქალი 53; კაცი 133); 2024 წელს აღრიცხულ შემთხვევათაგან დაფიქსირდა ერთი მასობრივი უბედური შემთხვევა, რომლის დროსაც 4 დასაქმებული მძიმედ, 3 კი მსუბუქად დაშავდა.
უწყების ინფორმაციით, ორგანიზაციაში მომხდარი უბედური შემთხვევების მოკვლევასა და აღრიცხვას აწარმოებს სსიპ შრომის ინსპექციის სამსახური. საანგარიშო პერიოდში კი სამსახურის მიერ მოკვლეულ იქნა ყველა ფატალური, არაფატალური და მასობრივი უბედური შემთხვევა. ზემოხსნებულის შედეგად სსიპ-შრომის ინსპექციის სამსახურმა განახორციელა სამუშაო სივრცეში მომხდარ, ყველა აღრიცხულ, 294 შემთხვევაზე მოკვლევა/ინსპექტირება.




























