2024 წელს საქართველოდან აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი 107 ქვეყანაში განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ქართული ოცნების" მთავრობის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი 2024 წელს 17%-ით გაიზარდა და 1 მილიარდ 680 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი საქართველოდან განხორციელებული ჯამური ექსპორტის 26%-ს წარმოადგენს.
ძირითადი საექსპორტო პროდუქტები იყო:
- სპირტიანი სასმელები (186 მლნ აშშ დოლარი)
- ღვინო (276 მლნ აშშ დოლარი)
- მინერალური და მტკნარი წყლები (163 მლნ აშშ დოლარი)
- უალკოჰოლო გაზიანი სასმელები (139,1 მლნ აშშ დოლარი)
- კაკლოვანი კულტურები (106,2 მლნ აშშ დოლარი)
2024 წელს საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტირებულია 180 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 11%-ით (17.3 მლნ აშშ დოლარით) აღემატება 2023 წლის მაჩვენებელს.
გასული წლის მონაცემებით, აგროსასურსათო პროდუქციის ძირითადი საექსპორტო ბაზრებია - რუსეთი, ევროკავშირი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, უკრაინა და ყირგიზეთი.
რაც შეეხება იმპორტს, წინასწარი მონაცემებით, გასულ წელს იმპორტირებულია 2 მლრდ 196 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 8.8%-ით აღემატება 2023 წლის მაჩვენებელს. შესაბამისად, 2024 წელს უარყოფითი სავაჭრო სალდო, ანუ იმპორტის გადაჭარბება ექსპორტზე, 516 მლნ აშშ დოლარი იყო, რაც 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 11%-ით ნაკლებია.




























