მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წელს საქართველოში 56 259 საწარმო დაიბადა - დარგები, სადაც საწარმოების გააქტიურება შემცირდა/გაიზარდა

საწარმოები

2024 წელს საქართველოში 56 259 საწარმო დაიბადა, 29 634 კი გარდაიცვალა. ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ბიზნეს დემოგრაფიის 2024 წლის მაჩვენებლებიდან ხდება ცნობილი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განმარტებით, საწარმოს დაბადება ისეთ ბიზნეს დემოგრაფიულ მოვლენას ეწოდება, რომლის დროსაც ადგილი აქვს სრულიად ახალი საწარმოო ფაქტორების თავმოყრას ან საწარმოს გააქტიურებას მას შემდეგ, რაც ეკონომიკური საქმიანობა 2 წელზე მეტი ხნით ჰქონდა შეჩერებული. საწარმოს გარდაცვალება კი ისეთი ბიზნეს დემოგრაფიულ მოვლენაა, რომლის დროსაც ადგილი აქვს წარმოების ფაქტორების არსებული კომბინაციის დაშლას.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს დაბადებული საწარმოების რაოდენობა წლიურად 2 843-ით შემცირდა. რეგიონების მიხედვით კი ყველაზე მეტი საწარმო თბილისში, აჭარაში, იმერეთში, ქვემო ქართლსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში გააქტიურდა. ორგანიზაციული სამართლებრივი ფორმის მიხედვით, დაბადებულ საწარმოთა დიდი ნაწილი 44 429 ინდმეწარმებზე მოდის, 11 730 კი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა. გასულ წელს სააქციო საზოგადოების ფორმით სულ 45 საწარმო, კოოპერატივის ფორმით კი 15 საწარმო გააქტიურდა. 35 სუბიექტი უცხოური საწარმოს ფილიალი იყო.

რაც შეეხება საქმიანობის მიხედვით დაბადებული საწარმოების რაოდენობას, ამ შემთხვევაში ყველაზე მეტი სუბიექტი ვაჭრობის დარგში გააქტიურდა, თუმცა 2023 წელთან შედარებით ამ მიმართულებით დაბადებული საწარმოების რიცხვი შემცირებულია. 2024 წელს უცნობი საქმიანობით 21 615 საწარმო გააქტიურდა. ასეთი საწარმოების რიცხვი თითქმის 7,5-ჯერ არის გაზრდილი. ყველა სხვა დარგში საწარმოთა დაბადების მაჩვენებელი შემცირებულია, ერთადერთ გამონაკლისს ენერგეტიკა წარმოადგენს, სადაც 2023 წელს 37, 2024 წელს კი 51 საწარმო დაიბადა.

დარგების მიხედვით დაბადებული საწარმოების რეიტინგი ასე გამოიყურება:

  • საბითუმო და საცალო ვაჭრობა - 8 756;
  • მშენებლობა - 4 643;
  • IT – 4 528;
  • ტრანსპორტირება და დასაწყობება - 4 402;
  • დამმუშავებელი მრეწველობა - 2 523;
  • პროფესიული და სამეცნიერო საქმიანობები - 2 381;
  • განთავსების საშუალებები - 1 780;
  • ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები - 1 474;
  • უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - 824;
  • სხვა სახის მომსახურებები - 765;
  • განათლება - 743;
  • ხელოვნება, გართობა და დასვენება - 642;
  • სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა - 559;
  • ჯანდაცვა - 249;
  • საფინანსო და სადაზღვევო - 215;
  • სამთო-მოპოვებითი მრეწველობა - 72;
  • ენერგეტიკა - 51;
  • წყალმომარაგება, კანალიზაცია, ნარჩენების მართვა - 37;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები