საქართველოში 2024 წლის განმავლობაში უძრავ ქონებას - ბინებს, სახლებს, აგარაკებს, კომერციულ ფართებს თუ სხვა აქტივებს ოფიციალური სტატისტიკით სულ 25,700 ადამიანი აქირავებდა. ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ხდება ცნობილი. ანგარიშის თანახმად, ეს რაოდენობა 2023 წელთან შედარებით 2,500 მეიჯარით მეტია.
ამავე სტატისტიკის თანახმად, გასულ წელს მეიჯარეებმა ჯამში 544 მილიონი ლარის ანუ 200 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღეს. წლიურად ეს შემოსავალი ლარებში 18%-ით, დოლარში კი 14%-ით არის გაზრდილი.
რაც შეეხება ერთი მეიჯარის მიერ მიღებულ საშუალო შემოსავალს, ის წელიწადში 21,139 ლარი იყო, რაც დოლარში გასული წლის საშუალო კურსით 7772 დოლარს, ანუ თვეში 648 დოლარს შეადგენდა.
შედარებისთვის, 2023 წელს მეიჯარეთა საშუალო წლიური შემოსავალი 19,936 ლარი, ანუ წლიურად 7580 დოლარი იყო (დოლარის წლიური საშუალო კურსით), ეს თვეში 632 დოლარის ტოლია. შესაბამისად, 2024 წელს მეიჯარეთა საშუალო შემოსავალი ქირიდან 2.5%-ით, ანუ 16 დოლარით გაიზარდა.
შემოსავლების სამსახურის სტატისტიკა მოიცავს მხოლოდ იმ პირთა შემოსავლებს, რომლებსაც იჯარის ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული. ეს შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე სახლის იჯარა, ასევე საოფისე თუ კომერციული ფართების საიჯარო ხელშეკრულებები, რომლებიც ოფიციალურად არის გაფორმებული. თუმცა არსებობენ სავარაუდოდ ასობით მეიჯარეები, რომლებიც იჯარის შემოსავალს მხოლოდ ზეპირი შეთანხმების საფუძველზე იღებენ და შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადს არ იხდიან.
TBC Capital-ის ინფორმაციით, 2024 წლის ბოლოს თბილისში ქირის ფასის შემცირება აღინიშნა. ორგანიზაციის შეფასებით, დეკემბერში 10%-ით გაიაფდა ქირის ფასი და კვ.მ-ზე 11 დოლარი იყო. ქირა ნოემბერთან შედარებითაც გაიაფებულია 3%-ით.