საქართველოს სუპერმარკეტების სექტორის ერთ-ერთმა ლიდერმა "კარფურმა" 2024 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. საქართველოში "კარფურის" ფრენშიზის მფლობელია კომპანია "მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯიას", რომელმაც 2024 წელს 789 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2023 წელთან შედარებით 2%-ით ნაკლებია (804.8 მლნ ლარი 2023 წელს).
დამოუკიდებელი აუდიტორის (EY) ანგარიშის მიხედვით, კომპანიის შემოსავლები ხარჯების დაფარვისთვის არასაკმარისი იყო, რის გამოც, გასულ წელს ქსელმა 34.6 მილიონი ლარით იზარალა. შედარებისთვის, 2023 წელს "კარფურის" მოგება 0.2 მილიონი ლარი იყო.
ფინანსური ანგარიშგების თანახმად, ზარალის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი გახდა საერთო მოგების შემცირება და საოპერაციო ხარჯების ზრდა. საოპერაციო ხარჯები წელიწადში 180.5 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 17 მილიონით მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე.
ხარჯების ზრდა ძირითადად განპირობებული იყო თანამშრომლებზე გაწეული დანახარჯების (67.6 მლნ ლარი), ცვეთისა და ამორტიზაციის ხარჯების (21.8 მლნ ლარი), კომუნალური ხარჯების, მართვის მომსახურების და ფრანშიზის გადასახადების მატებით.
მნიშვნელოვნად გაიზარდა ფინანსური დანახარჯებიც - 2024 წელს კომპანიამ 30.8 მილიონი ლარის ფინანსური დანახარჯი აღრიცხა, მაშინ როდესაც წინა წელს ეს მაჩვენებელი 11.9 მილიონ ლარს შეადგენდა.
2024 წლის მდგომარეობით, კარფური ქვეყანაში 6 ჰიპერმარკეტით, 19 სუპერმარკეტით და 72 მარკეტით იყო წარმოდგენილი. კომპანიაში დასაქმებული იყო 2,725 ადამიანი, რაც წინა წელთან შედარებით შემცირებულია (2023-ში - 2,917).
მიუხედავად ზარალისა, კომპანიის ხელმძღვანელობა ხაზს უსვამს, რომ ოპერაციები ფინანსურად მდგრადია, რადგან დაფინანსება სრულად უზრუნველყოფილია დედა კომპანიის — „Majid Al Futtaim Hypermarkets“-ის მიერ. 2024 წლის ბოლოს კომპანიას ჰქონდა 239 მილიონი ლარის გრძელვადიანი ვალდებულება მშობელ კომპანიასთან და 56.7 მილიონი ლარის ნაღდი ფული ანგარიშებზე.
ფინანსურ ანგარიშგებაში აღნიშნულია, რომ მფლობელი ჯგუფი (Majid Al Futtaim Retail) მზად არის საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დაფინანსება უზრუნველყოს.

























