მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2024 წელს საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგი ბრიუსელის გადაწყვეტილებით შეჩერდა და არა "ოცნების" - მაკა ბოჭორიშვილი

მაკა ბოჭორიშვილი

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა, რომ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული „ცხრა ნაბიჯის“ შესრულებაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ხელისუფლებას არ ეკისრება და ამ პროცესში ოპოზიციის როლი გადამწყვეტია.

ბოჭორიშვილის თქმით, რეკომენდაციები პირდაპირ უკავშირდება პარლამენტში ოპოზიციის ჩართულობასა და არჩევნების საკითხს, შესაბამისად, ოპოზიცია საკუთარ წილ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.

„სწორედ ამის გამო, მაგალითად ქალბატონმა კაია კალასმა 2025 წლის 20 ოქტომბერს საქართველო არ მიიწვია დაკავშირებადობის შესახებ მინისტერიალზე, სადაც მიწვეული იყო ცენტრალური აზიის ხუთივე სახელმწიფო, მიწვეულები იყვნენ აზერბაიჯანის, სომხეთის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები. სწორედ „დემოკრატიული უკუსვლა“ იყო საქართველოს ამ შემადგენლობაში არყოფნის მიზეზი, რაც ღიმილისმომგვრელია. პარადოქსულია მიდგომა, როცა ქვეყანა, რომელიც დღეს ევროკავშირისთვის არის მთავარი ქვეყანა დაკავშირებადობის თვალსაზრისით, განსაუთრებით, როცა ცენტრალურ აზიასთან დაკავშირებადობაზე ვსაუბრობთ, არ იყოს მოლაპარაკებების მაგიდასთან“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მან ტყუილი უწოდა მოსაზრებას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროინტეგრაციის პროცესი 2028 წლამდე შეაჩერა. მისი მტკიცებით, პოლიტიკური დიალოგი არა თბილისის, არამედ ბრიუსელის გადაწყვეტილებით შეწყდა.

„ქართულ ოცნებას ევროინტეგრაციის პროცესი არასოდეს შეუჩერებია. პირიქით, ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკის შედეგად, საქართველო ბევრი მიმართულებით უფრო ახლოსაა ევროპულ სტანდარტებთან, ვიდრე სხვა კანდიდატი ქვეყნები. 2024 წელს პოლიტიკური დიალოგი ბრიუსელის გადაწყვეტილებით შეჩერდა და არა ჩვენი მიზეზით“, - აღნიშნა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილი პარლამენტში ინტერპელაციის წესით პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატებმა დაიბარეს. შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი და ევროპული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები