2024 წელს საწვავის საცალო ბაზრის 5 მთავარი მოთამაშის ამონაგები 3.29 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც წლიურად 33%-იანი ზრდაა - ამის შესახებ TBC Capital-ის სექტორულ კვლევაში ვკითხულობთ.
ანგარიშის თანახმად, ხუთივე კომპანიამ - Wissol, Lukoil, Rompetrol, Connect, Socar - შემოსავლის წლიური ზრდა აჩვენა, რაც გამოწვეული იყო როგორც გაზრდილი ფასებით, ასევე გაყიდული პროდუქციის რაოდენობით.
შემოსავლების ჭრილში Wissol-ს ყველაზე მაღალი, 26%-იანი წილი უჭირავს და მისი წილი წლიდან წლამდე მზარდია. Lukoil-ს ბაზრის 23% უკავია, თუმცა, მისი შემოსავლის დიდი წილი ბენზინისა და დიზელის საბითუმო ვაჭრობიდან მოდის.
"Lukoil-ის სანქცირების ფონზე, მშობელი კომპანია ოპერირების გასაგრძელებლად იძულებული იქნება, აქტივების გაასხვისოს", - ვკითხულობთ პუბლიკაციაში.

საშუალო საერთო მოგების მარჟა 2024 წელს 10%-ს გაუტოლდა, რაც 1 პროცენტული პუნქტით აღემატება 2023 წლის შედეგებს.





























