აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-მა 2024 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ჯგუფის შემოსავალმა 84.7 მილიარდი მანათი, ანუ 50 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეს თანხა ფაქტობრივად 2023 წლის შემოსავლების ანალოგიური იყო. თუმცა გაუმჯობესებულია ჯგუფის მოგების მაჩვენებელი 2023 წელს არსებული 1.2 მილიარდი დოლარიდან 1.5 მილიარდ დოლარამდე.
კონკრეტული სეგმენტების მიხედვით, SOCAR-ის შემოსავლის ნახევარზე მეტი გასულ წელს ნედლი ნავთობის გაყიდვებიდან ფორმირდებოდა, რაც ძირითადად ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით გატარებული ნავთობის რეალიზაციას უკავშირდება. ნედლი ნავთობიდან ჯგუფმა 47.3 მილიარდი მანათის, ანუ 27.8 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო.
SOCAR-ის შემოსავლები სეგმენტების მიხედვით ასე ნაწილდება:
- ნედლი ნავთობის რეალიზაცია - 27.8 მილიარდი დოლარი;
- ნავთობპროდუქტების რეალიზაცია - 11.3 მილიარდი დოლარი;
- ბუნებრივი აირი - 5.7 მილიარდი დოლარი;
- ნავთობქიმიკატების რეალიზაცია - 2.8 მილიარდი დოლარი;
- აქტივების მათ შორის მილსადენების იჯარა - 213 მილიონი დოლარი;
- სხვა შემოსავლები - 2 მილიარდი დოლარი.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, SOCAR-ის ძირითადი კონტრაგენტი შვეიცარიაში არის დაფუძნებული, სავარაუდოდ საუბარია Glencore-ზე, რომელიც მსოფლიოში ნედლეულის უმსხვილესი ტრეიდერია.
ქვეყნების მიხედვით SOCAR-ის შემოსავლები ასე ნაწილდება:
- შვეიცარია - 31.7 მილიარდი დოლარი;
- თურქეთი - 5.7 მილიარდი დოლარი;
- არაბთა გაერთიანებული საამიროები - 5.2 მილიარდი დოლარი;
- აზერბაიჯანი - 4.8 მილიარდი დოლარი;
- საქართველო - 0.9 მილიარდი დოლარი (შემოსავალი უცვლელია);
- სხვა ქვეყნები - 1.5 მილიარდი დოლარი.
SOCAR-ის აქტივების ზომა 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით 55.7 მილიარდი დოლარი იყო, კომპანიის ვალდებულებები კი 27 მილიარდი დოლარი იყო. 2024 წელს SOCAR-მა მთლიანობაში 5.3 მილიარდი დოლარის ახალი ვალდებულებები აიღო, რაც გრძელვადიანი სესხების აღებასთან იყო დაკავშირებული.
SOCAR-ი აზერბაიჯანის სტრატეგიული ობიექტია. კომპანია სამხრეთის გაზის დერეფნის და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენების მეშვეობით საკუთარი პროდუქციის რეალიზებას ახდენს. კომპანია საქართველოში სამ მსხვილ ბიზნეს სეგმენტს ფლობს, ესენია ყულევის ნავთობტერმინალი, საწვავის იმპორტი - სოკარ პეტროლიუმ ჯორჯია და ბუნებრივი აირის გამანაწილებელი ქსელი - "სოკარ გაზ ჯორჯია". ამასთან, საქართველო ბუნებრივი აირის უდიდეს ნაწილს სწორედ სამხრეთის გაზის დერეფნის მეშვეობით იღებს.




























