2024 წელს თბილისი-რუსთავის ავტობანის მშენებლობა გაგრძელდება - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა BM.GE-ის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი განმარტებით, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ფონიჭალის მონაკვეთის სიგრძე 6.8 კილომეტრია. პროექტი 2014 წელს, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაიწყო და აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდებოდა. როგორც BMG-ს მუნიციპალური განვითარების ფონდში განუცხადეს, გზის პირველი და მესამე მონაკვეთების მშენებლობა დასრულებულია. სამუშაოებზე 184 მლნ ლარი უკვე დაიხარჯა.
ავტომაგისტრალის მეორე მონაკვეთის მშენებლობა ამ დრომდე დაკონსერვებულია. უფრო მეტიც 2021 წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ პროცესის გაჭიანურების გამო დონორმა ორგანიზაციამ, აზიის განვითარების ბანკმა, აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობისთვის შესაბამის სასესხო განაცხადის დახურვა მოითხოვა.
დღეს ფინანსთა მინისტრმა პროექტის კონკრეტული ბიუჯეტის დასახელებისგან თავი შეიკავა.
“რაც შეეხება რუსთავი-თბილისის გზის მშენებლობას, მომდევნო წელს გათვალისწინებულია ამ გზის მშენებლობის გაგრძელება და ეს განხორციელდება ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ. ამ გზის დასრულებისთვის საჭირო თანხები ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოიყოფა და ათვისების ნაწილში წლის განმავლობაში შევხედავთ როგორ იქნება და რა მოცულობა იქნება საჭირო,”- განუცხადა ფინანსთა მინისტრმა BMG-ის.
საერთო ჯამში, თბილისი-რუსთავის ახალი მაგისტრალი 17.4 კილომეტრზე იყო დაგეგმილი.
2024 წლის ბიუჯეტის კაპიტალური პროექტების დანართში, ასევე პროგრამული ბიუჯეტის დანართში თბილისი-რუსთავის ახალი მაგისტრალის მშენებლობის გაგრძელების შესახებ საუბარი არაა. შესაძლოა ახალი მაგისტრალის შესახებ საუბარია ბიუჯეტის მესამე წარდგენის პროექტში, თუმცა აღნიშნული დოკუმენტი ჯერჯერობით საჯაროდ ხელმისაწვდომი არაა.
აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტის სამშენებლო ფონიჭალის მონაკვეთის მშენებლობისას წააწყდა ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტს.