მომავალი წლიდან დეპოზიტების დაზღვევის სისტემა გაფართოვდება. კერძოდ, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან დეპოზიტების დაზღვევის ზღვარი გაორმაგდება და 15 000-იდან 30 000 ლარამდე გაიზრდება.
სისტემა ამჟამად საბანკო სექტორში არსებული 50.4 მილიარდის დეპოზიტებიდან ₾6.3 მილიარდი ლარის ანგარიშებს ფარავს. ოქტომბრის მონაცემებით, დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების საერთო მოცულობაში 5.7 მლრდ ლარი ფიზიკური პირების, დანარჩენი კი იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტებია. ბანკების მიერ ყოველთვიური შენატანი სისტემაში 3.6 მლნ ლარს აღემატება.
დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან თოდუა „საქმის კურსთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ 15 000-იდან 30 000-მდე ზღვრის გაზრდა არ ნიშნავს, რომ ბანკების სავალდებულო შენატანი გაორმაგდება, თუმცა სააგენტოს გათვლებით, მომავალი წლიდან ბანკებს დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში 40%-ით მეტი შენატანის განხორციელება მოუწევთ.
„პირდაპირ არ უნდა გავიგოთ, რომ თუ დღეს ვთქვათ, ყოველთვიურად 3,6 მილიონი ლარია შემოსატანი, 30 000 ლარის შემთხვევაში ის გაორმაგდება. ჩვენი გათვლებით, 40%-ით გაიზრდება ბანკების სავალდებულო შენატანი. თუ გავითვალისწინებთ იგივე ბანკების შემოსავლებს, იგივე კონკრეტულ თანხას, ჩემი აზრით, ეს ძალიან დიდი წნეხი არ იქნება ბანკებისათვის“,- აცხადებს თოდუა და არ გამორიცხავს სამომავლოდ დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევის ზღვარი კიდევ გაიზარდოს.
„დღეს საბანკო სექტორში დეპოზიტები 50 მილიარდია და ამ თანხაში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს თანაბარი წილი აქვთ. ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტები ნახევარ მილიარდზე ცოტა მეტია, იურიდიული პირებისთვის 15 000-ლარიანი ზღვარი არ არის ხელშესახები, თუმცა მომავალში იქნება ზრდა.
ჯერჯერობით ზღვრის გაზრდა არ იგეგმება, თუმცა თუ შევატყვეთ, რომ დაზღვეული დეპოზიტების პროცენტული მოცულობა იკლებს, ეს იმის მაჩვენებელია, რომ 30 000 ლარზე მეტი ბალანსი აქვთ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, აქედან გამომდინარე ჩვენ შეიძლება მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ არ შემცირდეს სრულად დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა და ზღვარი გავზარდოთ.
ამ ეტაპზე ფიზიკური პირების თითქმის 97% გვაქვს სრულად დაზღვეული, 85-87% არის იურიდიული პირების“,- აცხადებს დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ხელმძღვანელი.
მისი თქმით, მომავალი წლიდან ზღვრის 30 000 ლარამდე გაზრდის შემთხვევაში ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა დიდად არ გაიზრდება, შეიძლება 1% -ით გაიზარდოს, თუმცა გაიზრდება იურიდიული პირების დეპოზიტების დაზღვევის მაჩვენებელი. „90%-ს თუ გადავაჭარბეთ კარგი იქნება“,- განაცხადა ლევან თოდუამ.