ქვეყანაში სასაწყობე მეურნეობების სიმცირეზე ბიზნესი გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე ბოლო პერიოდია აქტიურად საუბრობს. არსებული რეალობიდან გამომდინარე ფოთის თავისუფალმა ინდუსტრიულმა ზონამ ამ მიმართულებით გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.
თიზის დირექტორი დავით ებრალიძე აცხადებს, რომ ახალი სასაწყობე ფართების მშენებლობის შემდეგ რესურსი ამ კუთხით თიზში 50%-ით გაიზრდება. ებრალიძე ამ დროისთვის ვერ ასახელებს ინვესტიციის ზუსტ მოცულობას და ამბობს, რომ ის ცნობილი ტექნიკურ ეკონომიკური კვლევის დასრულების შემდეგ გახდება.
“გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ დავინახეთ სასაწყობე მეურნეობების განვითარების კუთხით მოთხოვნა რომელიც მოდიოდა პოტენციური ინვესტორების მხრიდან და ჩვენ არ გვქონდა თავისუფალი საწყობები მივიღეთ გადაწყვეტილება და მომავალი წლიდან საფუძველს ჩავუყრით ახალი ლოგისტიკური ცენტრების მშენებლობას ფოთის ინდუსტრიულ ზონაში.
ამ ეტაპზე ვართ ტექნიკურ ეკონომიკური კვლევის ნაწილზე, ამის დასრულების შემდეგ. როცა გვეცოდინება მასშტაბი, კვადრატულობა, ტიპი ზუსტი რიცხვი ინვესტიციის ამის შემდეგ ცნობილი გახდება.
დღეისთვის, ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ჩვენს საკუთრებაში არსებული სასაწყობე მეუერნეობები სრულად არის იჯარით გაცემული, გრძელვადიანი იჯარების ფარგლებში. საუბარი არის 7500 კვადრატულ მეტრზე, რომელიც არის სრულად მშრალი ტვირთებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა და ვფიქრობთ, შევქმნათ დამატებით 50% მოცემული ინფრასტრუქტურის.”-ამბობს დავით ებრალიძე.