მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წლის 1 აგვისტოდან საქართველოში სიგარეტი სადა შეფუთვით შემოვა

სადა შეფუთვა
21.03.24 17:38
531

2024 წლის 1 აგვისტოდან საქართველოში თამბაქოს ნაწარმზე, კერძოდ სიგარეტზე სადა შეფუთვით იმპორტის შესახებ ბწესი ამოქმედდება. ეს ნიშნავს, რომ პროდუქციაზე ბრენდების ლოგოები, განმასხვავებელი ფერები და აღწერები აღარ იქნება განთავსებული. ბრენდის სახელი შეფუთვაზე უნიფიცირებული შრიფტით იქნება დაწერილი, ხოლო შეფუთვის ფერი და იერსახე სტანდარტიზებულად ერთნაირი იქნება.

სადა შეფუთვის მოთხოვნა წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ მარეგულირებელ ნორმას, რომელიც თამბაქოს მოხმარების შემცირებისკენ არის მიმართული. არსებული მდგომარეობით ის ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფოში (საფრანგეთში, სლოვენიაში, ირლანდიაში, ბელგიაში, ნიდერლანდებში, უნგრეთსა და ფინეთში) მოქმედებს. მსოფლიოს მასშტაბით კი სადა შეფუთვა სულ 21 ქვეყანაში არის მოქმედი, მათგან ყველაზე დიდი გამოცდილება ავსტრალიას აქვს, სადაც ეს ნორმა 2012 წელს ამოქმედდა, დანარჩენ ქვეყნებში კი რეგულაცია საშუალოდ 4-5 წლის წინ შევიდა ძალაში.

თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის მიხედვით საქონელი, რომელიც 2024 წლის 31 ივლისამდე შემოვა ბაზარზე, შესაძლებელია რომ 2025 წლის პირველ აპრილამდე ძველი შეფუთვით იყოს განთავსებული, ხოლო 2024 წლის 31 ივლისიდან ქვეყნის ბაზარზე ახალი ნაწარმის იმპორტი მხოლოდ სადა შეფუთვით იქნება შესაძლებელი.

ყველაზე დიდი ბაზარი, სადაც თამბაქოს ნაწარმის სადა შეფუთვის რეგულაცია მოქმედებს არის საფრანგეთი, სადაც ევროსტატის თანახმად, 15 წელზე უფროსი მოსახლეობის 22% არის მწეველი, ეს კი რაოდენობრივად 12 მილიონია. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ თუკი ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობაში თამბაქოს არალეგალური ვაჭრობა მცირდება, საფრანგეთში ის პირიქით მზარდ ტენდენციას ატარებს. KPMG-ის ანგარიშის მიხედვით, ყველაზე დიდი ზარალი საფრანგეთმა განიცადა. მასზე ევროკავშირში მოხმარებული კონტრაბანდული თამბაქოს 47% მოდიოდა, ანუ მხოლოდ საფრანგეთის სახელმწიფო ბიუჯეტმა, არალეგალური ვაჭრობის შედეგად 7.25 მილიარდით იზარალა.

საქართველოში თამბაქოს კონტრაბანდის მცდელობების აღკვეთის სტატისტიკას შემოსავლების სამსახური რეგულარულად აქვეყნებს. უწყების ინფორმაციით, მათ მხოლოდ 1-16 მარტის მონაკვეთში სარფის და ნინოწმინდის საბაჟო გამშვებ პუნქტებზე სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მნიშვნელოვანი ფაქტები აღკვეთეს.

სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების შემოწმების შედეგად უწყებამ საერთო ჯამშi 13,140 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინა.

“საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს, ფულადი ჯარიმა, 1000 ლარის ოდენობით შეეფარდათ, ხოლო საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-31 ნაწილის შესაბამისად, 5 კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, სრულად ჩამოერთვა საქონელი და ვინაიდან ქმედება განმეორებით იყო ჩადენილი, თითოეულს, ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით შეეფარდა,”- ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

უცნობია რა გავლენა ექნება სადა შეფუთვის ნორმის ამოქმედებას თამბაქოს არადეკლარირებული ვაჭრობის მოცულობაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები