2024 წლის 25 ოქტომბერი უქმე დღედ გამოცხადდა. საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილება უკვე გამოქვეყნდა, რომელიც მიმდინარე წლის 21 ოქტომბრით თარიღდება და ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.
დოკუმენტში წერია, რომ ეს დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე.
ასევე, არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე, მათ შორის, ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვებთან დაკავშირებულ და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობაზე.
"საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებში (შემდგომში – ადმინისტრაციული ორგანო) დასაქმებულთათვის 2024 წლის 25 ოქტომბერი განისაზღვროს უქმე დღედ.
ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ/მის სისტემაში შემავალ სამსახურებს/ მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება, თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას", - წერია დადგენილებაში.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს მთავრობაც. როგორც ტექსტშია ნათქვამი, 25 ოქტომბერი უქმე დღედ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე გამოცხადდა.
"მთავრობის დადგენილებას საფუძვლად დაედო ცესკოს მიმართვა, რომლის თანახმად, ვინაიდან საარჩევნო უბნები განთავსებულია საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში, სამუშაო დღეებში მიმდინარე აქტივობამ, შესაძლოა, შეაფერხოს საარჩევნო უბნების დროულად მოწყობა.
ცესკო განმარტავს, რომ საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების საუბნო საარჩევნო კომისიების გამართულად ფუნქციონირებისათვის, მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს საარჩევნო უბნების მოწყობა, რომელიც მიმდინარეობს კენჭისყრის წინა დღეს და სწორედ ამ დღეს საარჩევნო უბნებზე განთავსდება შესაბამისი ინვენტარი და ტექნიკა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაგა-ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი განთავსებულია საჯარო სკოლების შენობებში, ხოლო 873 საარჩევნო უბანი - სხვა დანიშნულების შენობებში. გამომდინარე, იქიდან, რომ განსაკუთრებით საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაგა-ბაღებში, სადაც განთავსებულია საარჩევნო უბნები, სამუშაო დღეებში ხორციელდება სხვადასხვა საქმიანობა და აქტივობა, რამაც შესაძლებელია შეაფერხოს საარჩევნო უბნების დროულად და მშვიდ გარემოში მოწყობა, მოთხოვნილია 2024 წლის 25 ოქტომბრის უქმე დღედ გამოცხადება", - წერია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.