ზოგიერთი ადამიანისთვის, ფეხსაცმელი მეტია ვიდრე ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი ან ელეგანტურობის შემადგენელი მნიშვნელოვანი კომპონენტი. ის ბევრი ადამიანისთვის ფუფუნებას განსაზღვრას. მოდით, ვნახოთ რომელია მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ფეხსაცმელები და რა ღირს ისინი.
FORBES-ის რეიტინგის მიხედვით, პირველ ადგილზეა ანტონიო ვიეტრის მიერ შექმნილი Moonstar Shoes, რომლის ღირებულებაც 19.9 მლნ დოლარს შეადგენს. ის მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ფეხსაცმელია. ის პირველად 2019 წელს დუბაიში გამართულ მოდის კვირეულზე გამოჩნდა. ფეხსაცმელების ქუსლი ოქროთია დამზადებული. ამასთან, ის 30-კარატიანი ბრილიანტებითაა მორთული. გარდა ამისა, ფეხსაცმელი უიშვიათეს მასალას, მეტეორიტის ნაჭერს შეიცავს, რომელიც 1576 წლით თარიღდება. აღნიშნული მას ექსკლუზიურობასა და მაღალ ღირებულებას მატებს.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ანტონიო ვიეტრისთვის ახალი არ არის მაღალი ღირებულების მქონე ფეხსაცმელების შექმნა. მან 2017 წელს მსოფლიოში პირველი, 24K ოქროს ფეხსაცმელი შექმნა.
მეორე ადგილზეა Jada Dubai და Passion Jewellers Passion Diamond ფეხსაცმელი, რომლის ღირებულებაც 17 მლნ დოლარია. მათი მაღალი ფასის მიზეზი, მდიდრული მასალებია, რომლებიც მათი შექმნისას იყო გამოყენებული. ისინი დამზადებულია ნამდვილი ოქროსგან და მორთულია თითქმის 240 ბრილიანტით. ფეხსაცმელი პირველად ბურჯ ალ არაბში, მსოფლიოში ერთადერთ 7-ვარსკვლავიან სასტუმროში გამოიფინა.
ბრიტანელმა დიზაინერმა, დები უინგჰემმა კი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ფეხსაცმელი 2017 წელს შექმნა. ფეხსაცმლის წყვილი 15 მილიონ ამერიკულ დოლარად შეაფასეს. ფეხსაცმლის დიზაინის შესაქმნელად, დები უინგჰემმა ფლორიდაში მოღვაწე თანამედროვე არტისტთან კრის კემპბელთან ითანამშრომლა. ფეხსაცმლის სილუეტი ხელნაკეთია და მსოფლიოს უიშვიათესი ძვირფასი ქვებითაა მორთული, მათ შორის, ვარდისფერი და ლურჯი ბრილიანტით. ფეხსაცმლის ელვა შესაკრავი და ძირი უმაღლესი ხარისხის ოქროა. დიზაინის დასახვეწად კი 3-კარატიანი ბრილიანტი და 1000 ცალი ბრილიანტის ნამსხვრევია გამოყენებული.
ფეხსაცმლის დამკვეთის ვინაობას დიზაინერი არ ასაჯაროებს, თუმცა ცნობილია, რომ შეკვეთა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიდის. რამდენიმე წლის წინ, სწორედ, არაბთა საამიროებისთვის შექმნა უინგჰემმა მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული საქორწინო კაბაც, რომლის ღირებულებაც 15,45 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენდა. კაბა წითელი ბრილიანტით იყო მორთული.
მეოთხე ადგილზეა, „პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს ფეხსაცმელი ესროლეს“, რომელიც ღირებულებაც 10 მლნ დოლარს შეადგენს. 2008 წლის 14 დეკემბერს ბაღდადში გამართულ პრესკონფერენციაზე, ერაყელმა ჟურნალისტმა მუნთადარ ალ-ზაიდიმ, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს ფეხსაცმელი ესროლა, რაც თანამედროვე ისტორიის მნიშვნელოვან მომენტადაა ჩათვლილი. ალ-ზაიდის ქმედება იყო სიმბოლური პროტესტი, 2003 წელს აშშ-ს ერაყში შეჭრის წინააღმდეგ.
ხოლო, ბოლო ადგილს იკავებს ჰარი უინსტონ რუბის ჩუსტები, რომელიც 3 მლნ დოლარადაა შეფასებული. ის 1989 წელს შეიქმნა "ოზის ჯადოქრის" 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით.
ჯუდი გარლანდის ფილმში ნახმარი ორიგინალური ლალის ჩუსტებისაგან განსხვავებით, რომლებიც მორთული იყო წითელი სეკინებით, ჰარი უინსტონის ვერსიაში წარმოდგენილია არაჩვეულებრივი 1350 კარატიანი რუბი და 50 კარატიანი ბრილიანტი. დიზაინერს ორი თვე დასჭირდა ჩუსტებზე 4600 ლალის დასამაგრებლად.