მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წლის დასაწყისში სამგორსა და ისანში ახალი საბავშვო ბაღები გაიხსნება

ბაღები
30.11.23 11:02
535

სამგორის რაიონში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დასრულებულია. N64 საბავშვო ბაღი მომავალი წლის იანვარში გაიხსნება, თუმცა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ აღსაზრდელთა რეგისტრაცია უკვე დაიწყო.

როგორც bm.ge-ის თბილისის მერიიდან აცნობეს, N64 საბავშვო ბაღი თბილისში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იქნება, სადაც 15 ჯგუფი გაიხსნება და სკოლამდელ განათლებას 500-მდე აღსაზრდელი მიიღებს. საბავშვო ბაღი სრულ შესაბამისობაშია თანამედროვე სტანდარტებთან - შენობა აღჭურვილია სახანძრო უსაფრთხოების, ასევე, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებით; ადაპტირებულია შშმ პირთათვის; დაცულია ბავშვთა უსაფრთხოების ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტი.

„ე.წ. აფრიკის დასახლებაში ამჟამად მხოლოდ ერთი საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, რის გამოც მოთხოვნა ჩვენს სერვისებზე საკმაოდ მაღალია. ახალი ბაღის გახსნის შედეგად, ეს მოთხოვნა სრულად იქნება დაკმაყოფილებული. დავიწყეთ პარალელური რეგისტრაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ აღსაზრდელებს შეუძლიათ, ახალ ბაღში დარეგისტრირდნენ, მის გახსნამდე კი ჩვენი მომსახურებით სხვა
ბაღებში ისარგებლონ. ზოგადად, 2024 წელს ჩვენ რამდენიმე ბაღს გავხსნით და კიდევ არა ერთი ახალი ბაღის მშენებლობას ჩავუყრით საფუძველს. ვგეგმავთ რეაბილიტაციის პროექტებსაც“, - განაცხადა კახა აბულაძემ.

გარდა ამისა, თბილისის მერის მოადგილემ კიდევ ერთი მშენებარე ობიექტი ისნის რაიონში დაათვალიერა. ახალი, 8ჯგუფიანი ბაღი ვაზისუბნის დასახლებაში, აშოტ კურაპალატის ქუჩაზე მომავალი წლის გაზაფხულზე გაიხსნება და 250-მდე აღსაზრდელს მოემსახურება.

ახალი საბავშვო ბაღები მერის მოადგილესთან ერთად, რაიონების გამგებლებმა და მაჟორიტარმა დეპუტატებმაც დაათვალიერეს.

დასრულებული პროექტი თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანმა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახა აბულაძესთან ერთად დაათვალიერა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები