„2024 წლის შემოდგომაზე გორში „ვაშლის ფესტივალი“ გაიმართება“, - ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემა BMGDRIVE-ში „ინნ ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ერეკლე კოკაიამ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ფესტივალის ჩატარება წელს, შემოდგომაზე იგეგმება, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
„უმრავლესობისთვის, გორი ვაშლთან ასოცირდება. თუმცა, ქვეყანაში ვაშლის კულტურა არ არის კარგად განვითარებული, როგორც რეალურად შეგვიძლია. მაგალითად, ვაშლს ბევრად უფრო მეტი მიმართულებით აქვს გამოყენება, ვიდრე ჩვენ ვიყენებთ. მარტო ჯემების გაკეთება კი არ შეიძლება, არამედ შესაძლებელია ვაშლის უგემრიელესი ღვეზელების, სალათების, სიროფების დამზადება. გარდა ამისა, ვაშლის სიდრი არის ძალიან გემრიელი და ცნობილი, კარამელიზირებული ვაშლი და ა.შ.
ამიტომ გვინდა, რომ წელს ადგილობრივ ფერმერებთან თანამშრომლობა დავიწყოთ და შემოდგომაზე „ვაშლი ფესტივალი“ გავაკეთოთ. ღონისძიების ფარგლებში, გვინდა ჩვენს სტუმრებს და დამთვალიერებლებს ვაჩვენოთ, თუ რა ჯიშის ვაშლები მოგვყავს რეგიონში, ასევე რისი გაკეთება შეიძლება“,-აცხადებს კოკაია.
მისი თქმით, მათი მიზანია, რომ ხალხმა გორის ადგილობრივი კულტურის შესახებ მეტი გაიგოს და დაიბრენდოს, როგორც "ხილის სამშობლო". რითაც კოკაიას ცნობით, ადგილობრივ ფერმერებსაც ხელს შეუწყობენ.