მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წლის ცხრა თვეში, Lamborghini-მ რეკორდული რაოდენობის ავტომობილები გაყიდა

Lamborghini

ლეგენდარულმა ავტომწარმოებელმა, იტალიურმა Lamborghini-მ 2024 წლის ცხრა თვის, ანუ სამი კვარტალის ფინანსური ანგარიშგება გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, კომპანიამ წელს 8,411 ავტომობილი გაყიდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია, რომელიც გასული წლის ანალოგიური პერიოდის შედეგს 8.6%-ით აღემატება. შედეგად, 20.1%-ით იმატა Lamborghini-ის შემოსავალმა, რამაც რეკორდული €2.43 მილიარდი შეადგინა. ამავე პერიოდში, კომპანიამ €678 მილიონის საოპერაციო მოგება დააფიქსირა, რაც შარშანდელ შედეგს 9.8%-ით აღემატება და ასევე რეკორდული მაჩვენებელია.

ასეთი ფინანსური შედეგები ემილია-რომანაში მდებარე სათავო ოფისის თანამშრომლებს სიხარულის საბაბს ნამდვილად აძლევს. როგორც Lamborghini-ში ამბობენ, ფინანსური წარმატება პირდაპირაა დაკავშირებული კომპანიის მესვეურების მიერ სრული სამოდელო რიგის ჰიბრიდიზაციის გრძელვადიან სტრატეგიასთან, რომელიც იტალიურმა ავტომწარმოებელმა მიზნად რამდენიმე წლის წინ გამოუშვა. ამასთან, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ზოგადი მოთხოვნა, რომელიც ბოლო წლებში ფუფუნების საგნების მიმართ პლანეტაზე გაჩნდა და რომლითაც Lamborghini-მ ისარგებლა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი და ძვირად ღირებულმა ავტომწარმოებელმა კომპანიამ.

გასულ თვრამეტ თვეში, Lamborghini-მ სამი ახალი მოდელი წარმოადგინა და სამივე მოდელი კომერციულად წარმატებული აღმოჩნდა. წარმატებულ მოდელებს შორის პირველ რიგში 1,000 ცხენის ძალის მქონე იტალიური V12-ით აღჭურვილი Lamborghini Revuelto უნდა ვახსენოთ, რომლის მარაგები 2026 წლის ჩათვლით არის ამოწურული — არადა ამ ავტომობილის საწყისი ფასი $608,000-ია. 2025 წლის ბოლომდე რიგში დგომა მოუწევს იმ ადამიანს, რომელიც Lamborghini-ის პირველი SUV-ის, Urus-ის ყიდვას გადაწყეტს და ამ სიამოვნებისთვის სულ მცირე $242,000 არ დაენანება. იტალიური ავტომწარმოებლის უახლესი მოდელთან, Lamborghini Temerario-სთან მიმართებით კონკრეტული რიცხვები ჯერ არ არის ცნობილი, მაგრამ, როგორც კომპანიაში ამბობენ, მომხმარებელმა ის დადებითად მიიღო.

ცნობისთვის გეტყვით, რომ 2025 წლიდან იტალიური Lamborghini-ის ავტომობილების შეძენა საქართველოშიც იქნება შესაძლებელი. ჩვენს ქვეყანაში იტალიური ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი “თეგეტა ჰოლდინგი” გახდა, რომელიც ქართულ ბაზარს Lamborghini-ის მოდელების სრულ ასორტიმენტს შესთავაზებს. Lamborghini-ის კონცეპტუალური შოურუმის მშენებლობა თბილისში უკვე დაწყებულია და ის 2025 წლის გაზაფხულზე გაიხსნება. როგორც “თეგეტაში” ამბობენ, შოურუმთან ერთად, თბილისში თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი სერვისცენტრი აშენდება, რომელიც Lamborghini-ის მფლობელებს ორიგინალი ნაწილებით მოამარაგებს. იტალიური სუპერქარების მომხმარებლებს კი “თეგეტას” პროფესიონალი, სპეციალურად გადამზადებული მექანიკოსები მოემსახურებიან.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ Lamborghini-ის ავტომობილები საქართველოში იმ დრომდეც შემოდიოდა, სანამ ქვეყანაში კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელი გაჩნდებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს უახლესი სტატისტიკით, საქართველოში Lamborghini-ის წარმოების 37 სუპერქარი, რამდენიმე ტრაქტორი და ერთი რეპლიკა ავტომობილი არის რეგისტრირებული. სუპერქარებს შორის განაწილება ასეთია: Urus — 19; Huracan — 11; Aventador — 5; Gallardo — 3. დროსთან ერთად და საქართველოში Lamborghini-ის ოფიციალური წარმომადგენლობის განვითარებასთან ერთად, ეს რიცხვი, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები