მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წლის ყველაზე ძვირად ღირებული სპორტული კლუბები

ძვირად ღირებული სპორტული კლუბები

ამერიკულმა სპორტულმა გამოცემა Sportico-მ 2024 წლის ყველაზე ძვირად ღირებული სპორტული კლუბების რეიტინგი გამოაქვეყნა. სიაში მყოფი 100 კლუბი ფარავს სპორტის ექვს სახეობას და 10 ლიგას მსოფლიოს გარშემო. ჯამში მათი ღირებულება 405 მილიარდ დოლარს აღწევს, რაშიც გუნდთან დაკავშირებული ბიზნესები და მათი მმართველების საკუთრებაში მყოფი სპორტული უძრავი ქონებაც შედის. სიაში 5 მილიარდ დოლარს მხოლოდ 22 კლუბი აღემატება და ყველაზე იაფიანი მეასე ადგილოსანი “Philadelphia Flyers-ის” ღირებულება 1,7 მილიარდი დოლარია.

სულ 8 ადამიანია, რომელიც სიაში მყოფ ერთდროულად ორ ფრენჩაიზს ფლობს, მაგრამ მხოლოდ ერთადერთია ისეთი, რომლის საკუთრებაშიც რეტინგის 3 სპორტული კლუბია. სტენლი კროენკე, რომელმაც საკუთარი სპორტული იმპერია “Kroenke Sports & Entertainment” ააშენა, ფლობს სამ გუნდს, რომელთაგან თითოეულის ღირებულება 3 მილიარდ დოლარს აღემატება, ესენი არიან: “Los Ageles Rams” (6,94$ მლრდ), “Arsenal” (3,6$ მლრდ) და “Denver Nuggets” (3,4$ მლრდ).
აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილი გუნდებიდან სამივე წარმატებულია: “Los Angeles Rams-მა” 2022 წელს მოიგო სუპერბოული, “Denver Nuggets-ი” 2023 წელს გახდა NBA-ის ჩემპიონი, ხოლო “Arsenal-ი” მიმდინარე სეზონში ამჟამად მესამე ადგილზეა და მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება პირველ ადგილოსან “Liverpool-ს”.

რეიტინგში პირველ ადგილზე NFL-ის გუნდი “Dallas Cowboys-ია”, რომელიც ძალიან დიდი ხანია სუპერბოულის მოგებაზე ოცნებობს, თუმცა მიზანს ვერ აღწევს. გუნდის მფლობელმა ჯერი ჯონსმა კლუბი 1989 წელს 150 მილიონი დოლარის სანაცვლოდ შეიძინა, ხოლო დღეს მისი ღირებულება 9,2 მილიარდ დოლარს აღწევს.

მეორე ადგილს საკალათბურთო გუნდი “Golden State Warriors-ი” იკავებს, რომელიც 8,28$ მილიარდადაა შეფასებული, უკანასკნელი დეკადის განმავლობაში კლუბის წარმატებების დამსახურებაა. “უორიორზმა” 2014-2024 წლამდე 4-ჯერ შეძლო NBA-ის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება, რაც უკანასკნელ 10 წლეულში საუკეთესო მაჩვენებელია.

საფეხბურთო კლუბებს შორის ყველაზე ძვირად ღირებული ინგლისური “Manchester United-ია”, რომელიც რეიტინგში მე-13 ადგილს იკავებს 5,95$ მილიარდით. ამჟამად კლუბის 25% ბრიტანეთის ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა ჯიმ რეტკლიფმა შეიძინა, რომელიც სპორტულ ნაწილზე იქნება პასუხისმგებელი და ამავდროულად 300$ მილიონს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას მოახმარს.

ჯამში კი 5 ყველაზე ძვირად ღირებული სპორტული კლუბის რეიტინგი ასე გამოიყურება:
5. “New York Yankees” (ბეისბოლი) - 7,13$ მილიარდი
4. “Los Angeles Lakers” (კალათბურთი) - 7,34$ მილიარდი
3. “New York Knicks” (კალათბურთი) - 7,43$ მილიარდი
2. “Golden State Warriors” (კალათბურთი) - 8,28$ მილიარდი
1. “Dallas Cowboys” (ამერიკული ფეხბურთი) - 9,2$ მილიარდი