მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წლის ყველაზე ძვირად ღირებული სპორტული კლუბები - Forbes-ის მიხედვით

ყველაზე ძვირიანი სპორტული კლუბები 2024 წელს

2024 წელს ყველაზე ძვირად ღირებული 50 სპორტული კლუბის ღირებულებამ 289 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც საშუალოდ 5,8 მილიარდია თითოეულ კლუბზე - ეს კი 2023 წლის შედეგთან შედარებით 13%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

გასათვალისწინებელია თუ როგორ იზრდება კლუბების ღირებულება, რადგან წლევანდელი ბოლო ადგილოსანი “ფინიქს სანსი”, რომელიც 4,3 მილიარდად ფასდება, 7 წლის წინ პირველ ადგილზე იქნებოდა, როდესაც 2017 წელს ამერიკული საფეხბურთო კლუბი “დალას კოვბოისი” 4,2 მილიარდად იყო შეფასებული.

ელიტარული ევროპული საფეხბურთო კლუბების მატჩები შესაძლოა ყველაზე ყურებადია მსოფლიოს მასშტაბით, მაგრამ ამერიკული სპორტული კლუბების კომერციალიზაციას მედია გარიგებების სიდიდიდან გამომდინარე, მაინც ვერ აღემატებიან. მაგალითისთვის NBA-ის ახალი ეროვნული სატელევიზიო შეთანხმება ძალაში მომდევნო სეზონიდან შევა, რომელიც 11 წელზეა გათვლილი და 76 მილიარდის შემოსავალს ითვალისწინებს, რაც საშუალოდ თითო გუნდზე წლიურად 230 მილიონი დოლარის კომპენსაციაა.

NFL-ში მედია გარიგებების წყალობით საშუალოდ ყველა გუნდი 380 მილიონს იღებს, კონტრაქტი კი 2033 წლამდეა გაფორმებული, რომლის ღირებულებაც 125,5 მილიარდს აღწევს.

“ატლეტიკო მადრიდი” 50 ყველაზე ძვირად ღირებულ სპორტულ კლუბს შორის ვერ ხვდება, თუმცა მხოლოდ ფეხბურთის ინდუსტრიას თუ გავითვალისწინებთ მე-13 უძვირფასესი გუნდია 382 მილიონიანი შემოსავლით.
“მანჩესტერ სიტი”, რომელმაც ზედიზედ ოთხი პრემიერ ლიგის ტიტული და 2023 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო 5,1 მილიარდიანი შეფასებით 31-ე ადგილზეა მსოფლიოში ღირებულების თვალსაზრისით, რაც NFL-ის “ლოს-ანჯელეს ჩარჯერსის” მაჩვენებელია. თავის მხრივ კი უნდა აღინიშნოს, რომ ლოს-ანჯელესში არსებულ სპორტულ ფრენჩაიზებს შორის “ჩარჯერსი” ბოლო ადგილზეა საფასო კატეგორიაში და მას “რამსი”, “ლეიკერსი”, “კლიპერსი” და “დოჯერსი” უსწრებენ.

50-ეულში წელს 12 NBA-ის კლუბი მოხვდა, მაშინ როცა შარშან 6 ფრენჩაიზი იყო. ეს ძირითადად სხვა სპორტის სახეობების კლუბების ამოვარდნითაა გამოწვეული. მაგალითად შარშანდელისგან განსხვავებით წელს სიაში ბეისბოლის ორი კლუბი “ჩიკაგო ქაბსი” და “სან ფრანცისკო ჯაიანტსი” აღარ არიან, ასევე რეიტინგიდან ამოვარდნენ ფორმულა 1-ის გუნდები “ფერარი” და “მერსედესი”, ხოლო NFL-დან “ბუფალო ბილსი”.
ევროპული ფეხბურთიდან რეიტინგში ექვსი კლუბი მოხვდა, მათ შორის ყველაზე ძვირფასი მადრიდის “რეალი” 6,6 მილიარდი დოლარით მე-12 პოზიციაზე გავიდა, ხოლო NFL-მა 29 წარმომადგენლით სიის 58% შეადგინა.

ზედიზედ მეცხრე წელია პირველ ადგილს 10,1 მილიარდით არ თმობს “დალას კოვბოისი”, რომელიც ისტორიაში პირველი ფრენჩაიზია, რომელმაც ორნიშნა მილიარდიან ნიშნულს მიაღწია და ამავდროულად უახლოეს მდევარს მთელი 1,3 მილიარდით გაასწრო.

მეორე ადგილზე NBA-ის “გოლდენ სტეიტ უორიორსია”, რომლის ღირებულებაც 8,8 მილიარდია, მაშინ როდესაც ასოციაციის 30-ვე კლუბის საშუალო ფასი 4,4 მილიარდ დოლარს აღწევს.

მთლიანობაში 2024 წლის 5 ყველაზე ძვირად ღირებული სპორტული კლუბის რეიტინგი ამერიკული გამოცემა Forbes-ის მიხედვით ასე გამოიყურება:

5. New York Knicks (კალათბურთი) - $7,5 მილიარდი

4. New York Yankees (ბეისბოლი) - $7,55 მილიარდი


3. Los Angeles Rams (ამერიკული ფეხბურთი) - $7,6 მილიარდი

2. Golden State Warriors (კალათბურთი) - $8,8 მილიარდი

1. Dallas Cowboys (ამერიკული ფეხბურთი) - $10,1 მილიარდი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები