ამერიკული გამოცემა Forbes-ი ყოველწლიურად გამოსცემს უმდიდრესი სპორტსმენების რეიტინგს და გამონაკლისი არც 2024 აღმოჩნდა. წელს 50 ყველაზე მაღალშემოსავლიანი ათლეტების ფინანსებმა 2023 წლის 1 მაისიდან 2024 წლის 1 მაისამდე 3,88 მილიარდი დოლარი შეადგინა, რითაც რეკორდი კიდევ ერთხელ გაუმჯობესდა. შედარებისთვის 2021 წელთან შედარებით თანხა 30%-ითაა გაზრდილი, ხოლო 10 წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით გაორმაგებული შედეგია.
კომპანიამ რეიტინგის შესადგენად ითანამშრომლა ისეთ ორგანიზაციებთან, როგორებიცაა DODICI Sports Management, Capology და Sportrac. ვალუტად ამერიკული დოლარია გათვალისწინებული და სპორტული საქმიანობიდან შემოსავლებში მიღებულია ხელფასები, ბონუსები, საპრიზო თანხები და საიმიჯო უფლებები.
რაც შეეხება მოედანს მიღმა გამომუშავებულ ფინანსებს, ასეთ თანხებში შედის სასპონსორო შეთანხმებები, აქსესუარების გაყიდვები, ლიცენზიები და ა.შ. ამ ნაწილში Forbes-ი არ მოიცავს საინვესტიციო შემოსავალს, როგორიცაა საპროცენტო გადასახადები ან დივიდენდები, ასევე არ არის გათვალისწინებული საშემოსავლო და აგენტებისთვის განკუთვნილი გადასახადები, მაგრამ ითვალისწინებს ანაზღაურებას სპორტსმენების გაყიდული აქციებიდან.
2012 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც ამერიკული ჟურნალი ამ რეიტინგს აწარმოებს, ყველაზე შემოსავლიან 50 სპორტსმენს შორის სულ 4 ქალი სპორტსმენი მოხვდა: მარია შარაპოვა, ლი ნა, ნაომი ოსაკა და გასულ წელს სერენა უილიამსი. სამწუხარო ფაქტი ისაა, რომ წლევანდელ რეიტინგში ვერცერთ ქალ ათლეტს ვერ ვხვდებით.
გამოსარჩევი ფაქტია, რომ შარშან სიაში მყოფი სპორტსმენების საშუალო ასაკი 33 წელს შეადგენდა, წლევანდელ რეიტინგში ამ მხრივ პროგრესია, ვინაიდან ის 31,2 წელს შეადგენს. ეს ყველაფერი გამოწვეულია NBA-ისა და NFL-ის მხრიდან მაქსიმალური კონტრაქტების გაფორმებით ახალბედა ათლეტებთან. ასევე, განახლებულ სიაში 50-დან 22 სპორტსმენის ასაკი 30 წელს ქვემოთაა. საპირისპიროდ შეიძლება ითქვას, რომ სულ 6 ათლეტია ისეთი, რომელიც ასაკობრივად 39 წელს ზემოთაა, მათ შორის არიან: კრიშტიანუ რონალდუ, ლებრონ ჯეიმსი, ლუის ჰამილტონი, მაქს შერცერი, აარონ როჯერსი და ტაიგერ ვუდსი.
თუკი სიას სპორტის სახეობების მიხედვით დავყოფთ, ყველაზე მეტი - 19 წარმომადგენელი კალათბურთიდანაა, შემდეგ მოდის NFL - 11 ადგილით, ფეხბურთი - 8 მოთამაშით და გოლფი - 5 გოლფერით.
ამ რეიტინგის არსებობის ისტორიაში პირველად მოხდა ისე, რომ 11-მა ადამიანმა გადააჭარბა წლიური შემოსავლით 100 მილიონს და შესაბამისად ათეულის ყველა წევრს ცხრანიშნა შემოსავალი დაუფიქსირდა. ეს მაშინ, როცა 2017 წლისთვის 100-მილიონიან ნიშნულს არცერთი სპორტსმენი არ იყო გადაცილებული.
აშშ არის ქვეყანა, რომელსაც ყველაზე მეტი - 29 წარმომადგენელი ჰყავს, შემდეგ მოდის 4 ბრიტანელი და 2 ფრანგი.
ხაზგასასმელია ისიც, რომ რეიტინგის ორი წევრი - ტაიგერ ვუდსი და ლებრონ ჯეიმსი არიან ადამიანები, რომლებმაც აქტიური კარიერის დროს შეძლეს მილიარდიან ნიშნულზე გადაბიჯება, მაშინ როცა მეჯიქ ჯონსონმა და მაიკლ ჯორდანმა 10 ნიშნა რიცხვები კარიერის დასრულების შემდეგ დააფიქსირეს.
2024 წლის 5 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ათლეტის რეიტინგი ასეთია:
5. იანის ანტეტოკოუნმპო (კალათბურთი) - 111 მილიონი დოლარი
4. ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი) - 128,2 მილიონი დოლარი
3. ლიონელ მესი (ფეხბურთი) - 135 მილიონი დოლარი
2. ჯონ რამი (გოლფი) - 218 მილიონი დოლარი
1. კრიშტიანუ რონალდუ (ფეხბურთი) - 260 მილიონი დოლარი