2024 წლის ზაფხულში ყაზბეგში, მყინვარწვერის მისასვლელ გზაზე, ზღვის დონიდან 3,700 მეტრ სიმაღლეზე სამაშველო „ქოხი“ გაიხსნება. ალპური სასტუმრო „ალტიჰატის“ გუნდის ახალ პროექტზე BMGTV-ის გადაცემა „წერტილში კომპანია „ალტიტუდას“ დამფუძნებელმა და მმართველმა პარტნიორმა ნიკოლოზ ალავიძემ ისაუბრა.
ქოხი შვეიცარიაში დამზადდება და საქართველოში ტრანსპორტირების შემდეგ, მყინვარწვერის მისასვლელ გზაზე ვერტმფრენის საშუალებით დამონტაჟდება.
"შენობის მშენებლობის ავანსი უკვე გადახდილი გვაქვს მე და ჩემ პარტნიორებს - დღეის მდგომარეობით, ესაა 100 000 ფრანკზე მეტი. ახლა მოლაპარაკებები გვაქვს სახელმწიფოსთან, რომ გრძელვადიანი იჯარით ავიღოთ 50 თუ 60 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი, რადგან ეს ადგილი დაცული ტერიტორიების ეროვნულ სააგენტოს ეკუთვნის. მოკლედ, სავალდებულო ბიუროკრატიულ ეტაპებს გავდივართ და იმედია, მალე დავასრულებთ და მომავალი წლის ზაფხულში, აგვისტოში სამაშველო ქოხი გაიხსნება“, - განაცხადა ნიკოლოზ ალავიძემ.
მისივე ინფორმაციით, პროექტში „ალტიჰატის“ გუნდის პარტნიორი შვეიცარული კომპანია ბალია (BALLY), კომპანიის გარემოზე ზრუნვის ფონდის - „ბალი პიკ აუთლუქ ფაუნდეიშენის” სახით. „ალტიჰატის“ და „ბალის“ თანამშრომლობა ითვალისწინებს სრულყოფილ პარტნიორობას აღნიშნულ ახალ პროექტში, სადაც ბალი ყოველწლიურად, დამატებით უზრუნველყოფს ადგილობრივი პარამედიკოსების, სამთო გამყოლების და სამთო მაშველების მომზადებას, შვეიცარიულ კომპანია „ეარ ცერმათთან“(Air Zermatt) თანამშრომლობით.
„ახალი ქოხის ფუნქცია ალპურ სიმაღლეზე მდგრადი და უსაფრთხო სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და „ალტიჰათის“ მიერ შექმნილი სრულიად ახალი ეკო სისტემის ევოლუციური განვითარებაა“, - აცხადებს ნიკოლოზ ალავიძე.
მისივე თქმით, ქოხი განკუთვნილია გადაუდებელი და დაუყოვნებელი სამთო სამაშველო მომსახურებისათვის, სადაც აქტიური სეზონის განმავლობაში მუდმივად იქნებიან პროფესიონალი სამთო მაშველი პარამედიკოსები.
„სამაშველო ქოხი სრულად იქნება აღჭურვილი საჭირო თანამედროვე სამედიცინო ტექნიკით, რაც უზრუნველყოფს როგორც პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევას, ასევე დაზარალებული პაციენტების ტრანსპორტირებისთვის მომზადებას და სტაბილიზაციას და სხვა გადაუდებელი სამედიცინო მანიპულაციების ჩატარებას“, - აღნიშნა ნიკოლოზ ალავიძემ.
პროექტის თანახმად, სამაშველო ქოხში შესაძლებელი იქნება ერთდროულად განათავსდეს 15 ადამიანი, სადაც მუდმივ მორიგეობას 4 პროფესიონალი სამთო მაშველი და პარამედიკოსი გასწევს.
ინფორმაციისთვის: კომპანია „ალტიტუდა“, რომლის მმართველი პარტნიორია ნიკოლოზ ალავიძე, ფლობს „ალტიჰატის“ ალპურს სასტუმროს ზღვის დონიდან 3,014 მეტრ სიმაღლეზე და სამაშველო ქოხს, რომელიც აღჭურვილი მზის აკუმულატორებით. 3014 მეტრის სიმაღლეზე მდებარე „ალტიჰატს“ 45-მდე სტუმრის/ტურისტის მიღება შეუძლია. სამაშველო ქოხი კიი უსასყიდლოდ იფარებს შესაბამისი საჭიროების მქონე მოგზაურებს სამთო მაშველებს.